ენერგეტიკა
01/11/2022

გიორგი ჩიქოვანი: საქართველო მზად არის სამხრეთ გაზის დერეფნის წევრებთან აქტიური დიალოგისთვის

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, საერთაშორისო კონფერენციაზე „თურქმენეთის ნავთობი და გაზი -2022“ სიტყვით გამოვიდა.

პლენარულ სესიაზე, სახელწოდებით „ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ გიორგი ჩიქოვანმა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ენერგეტიკის სექტორში შექმნილ რეალობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და მრავალვექტორიანი მილსადენების სისტემის შექმნის მნიშვნელობას. აგრეთვე, ევროკავშირს, ცენტრალურ აზიას, კავკასიის ქვეყნებს, დარგის წარმომადგენლებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დიალოგის გაფართოების აუცილებლობას თურქმენეთსა და სამხრეთის გაზის დერეფანს შორის ენერგეტიკული ხიდის შესაქმნელად სტრატეგიის ჩამოყალიბებისა და ვალდებულებების გაძლიერების მიზნით.

„სამხრეთ გაზის დერეფანთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენები, უდიდეს სტიმულს იძლევიან მიწოდების სისტემაში თურქმენული ბუნებრივი გაზის შემოღების საკითხის განსახილველად. რუსეთის ქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ, ინტენსიურმა ენერგეტიკულმა კრიზისმა და ევროპაში გაზის ფასების მკვეთრი მატებამ, ანტირუსულმა სანქციებმა და ტრადიციული ლოგისტიკური კავშირების მოშლამ გააძლიერა ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომა თურქმენული გაზის მიმართ და მისი მისწრაფება, აღმოფხვრას რუსულ გაზზე დამოკიდებულება. ევროკავშირის ინტერესები, ისევე როგორც საქართველოსი, უსაფრთხოებისა და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის მიმართ, ემთხვევა თურქმენეთის მცდელობებს გაზის ექსპორტის მარშრუტების მეტი დივერსიფიკაციის შესახებ.

საქართველო მზად არის გააგრძელოს აქტიური დიალოგი თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სამხრეთ გაზის დერეფნის სხვა წევრებთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან აღნიშნული მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა გიორგი ჩიქოვანმა საკუთარ გამოსვლაში.

კონფერენციას აგრეთვე ესწრებოდნენ თურქმენეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ენერგეტიკული ქარტიის წარმომადგენლები, წამყვანი ეროვნული და საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანიებისა და გლობალური ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები, სფეროს ექსპერტები და ა.შ.

კონფერენციასა და გამოფენას, გიორგი ჩიქოვანი, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრის, სახელმწიფო კონცერნის “თურქმენგაზის” თავმჯდომარის, ბატირ ამანოვის პირადი მიწვევით, ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორთან კომერციულ საკითხებში, ნიკოლოზ ფიცხელაურთან ერთად ესწრებოდა.

Businesspartner