ენერგეტიკა
29/03/2023

გიორგი აბრამიშვილი: რეგიონში არსებულ სიტუაციაში ბირჟის გახსნა რისკების შემცველი იყო

ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბირჟის მორიგი გადავადების გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი და ლოგიკური იყო.
 
როგორც GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რეგიონში არსებულ სიტუაციაში ბირჟის გახსნა რისკების შემცველი იყო.
 
„ძალიან მოწყვლადი სიტუაცია გვაქვს. ზოგადად, რეგიონში ელექტროენერგიაზე ფასები გაიზარდა, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი როგორც იქცევა და თავის ენერგეტიკულ ბერკეტს იყენებს არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელ ევროპაში კი ვხედავთ. აქედან გამომდინარე, დიდი სიფრთხილეა საჭირო რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას, და როცა ბირჟა გაიხსნება, მართლაც სამართლიანი ფასწარმოქმნა იყოს. რაც მთავარია ეს შეგრძნება პოტენციურ ინვესტორებს გაუჩნდეთ.“-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
 
მისივე განმარტებით, არსებულ ვითარებაში ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემთხვევაში ყველაზე საშიში იყო, რომ ადგილობრივი გენერაციის ჩანაცვლება იმპორტით არ მომხდარიყო.
 
„ჩვენ (ბიზნესს) გვეშინია, რომ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა დემპინგით ჩვენი ბაზარი არ დაანგრიონ. სახელმწიფოს ეშინია, რომ ელექტროენერგიის ფასი მაღლა არ წავიდეს. ამ ორივე მიმართულებით არის სამუშაო კვლავ და ასევე ტექნიკურ ნაწილშიც არის დასახვეწი გარკვეული საკითხები, იმისთვის რომ სწორად და ჯანსაღად იმუშაოს ბირჟამ.
 
საბოლოო ჯამში, ძალიან მნიშვნელოვანია ბირჟის გახსნა, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესი იყო ამ პროცესის გადავადება, რადგან როცა ამოქმედდება, სწორად იმუშაოს. ვიდრე გაიხსნას ახლა და არასამართლიანი ფასი ჩამოყალიბდეს. ამით კი არასწორი სიგნალები წავიდეს ინვესტორებთან. ამ იმიჯს მომავალში ვეღარ გამოვასწორებთ. რომ ვერ მოვასწარით ეს იმიჯი უკვე გვაქვს, რადგან რამდენჯერმე ვერ მოვასწარით.“-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
 
როგორც GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, სანამ ენერგეტიკის ხელშემწყობი მექანიზმი არსებობს, ბირჟის ამოქმედების გადავადებაში, დიდი ნეგატივი არ ჩანს.
 
შეგახსენებთ, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უკვე მეხუთედ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა. შესაბამისი ცვლილებები ასახულია საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში.
 
ბირჟის გახსნის თარიღის მორიგი გადავადების მიზეზად ამ შემთხვევაში რეგიონში არსებული გამოწვევები სახელდება.
 
მთავრობის გადაწყვეტილებამდე, სემეკის თავმჯდომარემ ბიზნესპარტნიორთან განაცხადა, რომ მოსაგვარებელი იყო რიგი ტექნიკური საკითხები, რის გამოც, 31 მარტს ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ენერგეტიკული ბირჟა საქართველოში 2021 წლის ნოემბრიდან სატესტო რეჟიმში მოქმედებს. ბირჟა სრულფასოვნად ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო, თუმცა მაშინ პროცესის გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა. მოგვიანებით, ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, მოგვიანებით, 1-ელ მარტამდე გადაიდო.
 
გასული წლის აგვისტოს ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რისკების შემცველია. შესაბამისად ამ განცხადების შემდეგ, პირველ სექტემბერს დაგეგმილი ბირჟის გახსნა სწორედ მიმდინარე წლის 31 მარტამდე იყო გადავადებული.
 
 
 
Businesspartner