ენერგეტიკა
22/06/2023

გიორგი აბრამიშვილი: განახლებად ენერგიებში საუკეთესო საინვესტიციო გარემოა

საინვესტიციო გარემო განახლებად ენერგიებში, ერთ-ერთი საუკეთესოა - ამის შესახებ “საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციაციის” (GREDA) თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, კერძო სექტორი სულ უფრო მეტად ინტერესდება ამ სფეროში ინვესტორებით და ეს, მთავრობის მიერ გამოცხადებულ ე.წ. სიმძლავრის აუქციონებშიც გამოჩნდა.

„აუქციონის შედეგებმა მოგვცა ძალიან სწორი სიგნალები ციფრებში. 300 მგვტ-ზე იყო გამოცხადებული აუქციონი და 1000 მგვტ-მდე შეიტანა კერძო სექტორმა მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ კერძო სექტორი გასამმაგებული ძალით მზად არის ინვესტიცია განახორციელოს ჩვენს სექტორში, რაც ძალიან კარგია. ამ სიგნალმა გამოწვია ის, რომ ივლისში აუქციონის მეორე რაუნდი ჩატარადება, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეწიოთ იმ გაზრდილ მოხმარებას და იმ დეფიციტს, რაც ქვეყანაშია და წლიდან წლამდე იზრდება - გენერაციის ობიექტების აშენების ტემპი ვერ ეწევა მოხმარებას.

ზოგადად, საინვესტიციო გარემო განახლებად ენერგიებში, ერთ-ერთი საუკეთესოა: ფაქტია, რომ ძალიან დიდი აუთვისებელი პოტენციალი გვაქვს. მეორე მხრივ კი, დეფიციტური ქვეყანა ვართ, მოხმარება იზრდება და ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხდება სრული ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან“ - აცხადებს გიორგი აბრამშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.

რაც შეეხება ბაზრის გახნას და იმ საკითხს, თუ როგორ შეიცვლება ფასი ბაზარზე ენერეტიკული ბირჟის ამოქმედების შემდეგ, GREDA-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ამ მიმართულებით ბევრნაირი პროგნოზი არსებობს.

„მთავრობას ეშინია ფასი მაღალა არ წავიდეს, ჩვენ გვეშინია, რომ ფასი დაბლა არ წამოვიდეს. ჩვენ ჩვენი არგუმენტები გვაქვს, მთავრობას თავისი. ვნახოთ - ბევრი აღარ დარჩა, გაიხსნება ბაზარი და შევხედავთ.

იმედია, რომ ეს პროცესი ნორმალურად ჩაივლის და ბევრი ხარვეზი არ იქნება. თავიდან, შესაძლოა, რაღაც შეფერხებები იყოს, თუმცა, ეს ყველაფერი დასტაბილურდება და საბოლოოდ, მივალთ იქამდე, რომ სამართლიანი ფასწარმოქმნა იყოს ბაზარზე. აქედან გამომდინარე, ყველა დასავლური მოთამაშისთვის, ვისთვისაც ეს გასაგებია და ახალი არ არის, უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენს ქვეყანაში ინვესტირება“ - ამბობს გიორგი აბრამიშვილი.