ენერგეტიკა
04/04/2023

გიორგი აბრამიშვილი: არ ვიცი ისეთი კომპანია, რომელიც ქსელთან მიერთების ახალ საფასურს დადებითად შეხვდა

„მე არ ვიცი ისეთი კომპანია, რომელიც ქსელთან მიერთების ახალ საფასურს დადებითად შეხვდა.“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ განახლებადი ენერგიების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით,მზის, ქარის და ჰიდროსადგურების მფლობელი კომპანიები ცვლილებებით უკმაყოფილო არიან.

„ჩვენ ახლა ვაკეთებთ სტატისტიკას, ვიკვლევთ 15 მგვტ-მდე სიმძლავრის, უკვე არსებულ სადგურებს რა დაუჯდათ ქსელზე დაერთება და ახალი წესით, რომელიც მეგავატზე 300 ათას ლარს გულისხმობს რა თანხაზე გავალთ. გვაინტერესებს, რეალურად რა იქნება ქსელთან დაერთების ხარჯები. საკითხი უნდა გავიაროთ სემეკთანაც. ვფიქრობთ, უფრო მეტია ეს თანხები ვიდრე ქსელთან დაერთება რეალურად ჯდება.“-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქსელზე მიერთების ახალი საფასური ელექტროსადგურების მშენებლობლობის გაძვირების კიდევ ერთი საბაბი იქნება.

„ჩვენი წევრი კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის ეს არის კიდევ ერთი წინაღობა, რაც ხელს შეუშლის ენერგეტიკის დარგის განსავითარებლად დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას. დანამდვილებით ვამბობ, რომ არამარტო მზის, არამედ ჰიდროსადგურებისთვისაც შეიძლება ორჯერ უფრო დიდი თანხა გახდეს საჭირო ქსელთან მიერთებისთვის.“-აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სემეკმა 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესი თებერვალში დაამტკიცა. ახალი წესებით, 2 მეგავატიდან 15 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის ერთი მეგავატის მისაერთებელი სიმძლავრის საფასური 300 000 ლარით განისაზღვრა.

მარეგულირებელში განმარტავენ,რომ რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები.

Businesspartner