გარდაბანში ახალი მიკრო ჰესი აშენდა, რომელიც ელექტროენერგიით ქარხნებს მოამარაგებს
საქართველოს ენერგეტიკულ სტრატეგიაში განახლებადი ენერგიების განვითარებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რაც არა მხოლოდ დიდი სიმძლავრის ჰესების განვითარებას, არამედ მცირე და მიკრო ელექტრო სადგურების აშენებასაც მოიაზრებს.
დღეის მონაცემებით, საქართველოში მიკრო სიმძლავრის 400 მდე ელექტრო სადგურია, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 32 მეგავატს შეადგენს.
ამ რიცხვს მალე ახალი მიკრო ჰესი შეემატება, რომელიც გარდაბანში აშენდა.
კომპანია "მემე"–ს დამფუძნებელი ირაკლი ორჯონიკიძე "ბიზნესპარტნიორთან" ყვება, რომ მშენებლობა წლინახევრის წინ დაიწყეს და სულ მალე მიკრო ჰესი ექსპლუატაციაში შევა.
"გავიარეთ საცდელი 72 საათი, აგრეგატმა წარმატებით იმუშავა. დადგმული სიმძლავრე გახლავთ დაახლოებით 300 კილოვატი, დაახლოებით 2 მილიონ კილოვატს ველოდებით წელიწადში. ეს პროექტი კონკრეტული ქარხნების ელექტროენერგიით მოამარაგებას გულისხმობს"–ამბობს ირაკლი ორჯონიკიძე.
მიკრო სიმძლავრის ჰესების წახალისებისთვის არსებობს რეგულაციები, რომელიც ამარტივებს სხვადასხვა პროცესს. ასეთია ნეტო აღრიცხვა, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული პირს ან კომპანიას, რომელიც თავად აწარმოებს 500 კილოვატამდე ელექტროენერგიას შეუძლია ზედმეტი ენერგია ქსელში გაუშვას, გაყიდოს ან დანაკარგების დროს გამანაწილებელ სისტემას დაეხმაროს.
"მთავრობამ ძალიან გაუმარტივა ბიზნესს მცირე ჰესების მშენებლობის მხრივ. ჩვენი პირველი პროექტიც მსგავსი სიმძლავრისაა, ანუ ნეტო აღრიცხვის და მომავალშიც იგივეს ვგეგმავთ. საშუალება გვეძლევა ჩვენით გავყიდოთ ელექტროენერგია."– აღნიშნავს ირაკლი ორჯონიკიძე.
"სემეკის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი "ბიიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ მომხმარებელს არ ესაჭიროება რაიმე წინასწარი ნებართვა, რომ დაამონტაჟოს მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური, მას არ ევალება, რომ გადაიხადოს რეგულირების საფასური.
"ჩვენი მხრიდან კონტროლი ნაკლება, უფრო რეგულაციის დადგენა ხდება და ეს გულისხმობს, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური საცალო ბაზრის წესები, აგრეთვე ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები, სადაც დეტალურადაა აღნიშნული თუ როგორ უნდა მოხდეს დამონტაჟება მიკრო სიმძლავრის ელექტრო სადგურის."– ამბობს სალომე ჯანელიძე.
კომპანიამ მსგავსი სიმძლავრის ჰესის პროექტი უკვე განახორციელა თბილისის ზღვაზე, რომელიც ელექტოენერგიით 1000-მდე ოჯახს უზრუნველყოფს. ამასთან, შემდეგი ჰესისთვის ახალი ლოკაცია უკვე შერჩეულია, ქუთაისში, რიონზე ჰესის მშენებლობას კოპმპანია ზაფხულისთვის დაიწყებს.
ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულაციით ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც გამანაწილებელ ქსელთან არის დაერთებული შეუძლია დაამონტაჟოს მიკრო სიმძლავრის, 500 კილოვატამდე ელექტროსადგური, რომელიც მუშაობს განახლებადი ენერგიის წყაროზე.
მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგურის დამონტაჟებით, მომხმარებელი იღებს იმის შესაძლებლობას, რომ ეს ნაწამოები ელექტროენერგია გაუშვას ქსელში, თავადაც მოიხმაროს და თუ რაიმე ზედმეტი დარჩება, რაც მას არ ესაჭიროება კონკრეტულ საანგარიშსწორებო პერიოდში, გადაიტანოს მომდევნო თვეს. მნიშვენლოვანია, რომ მომხმარებელს ეძლევა საშუალება, რომ დაზოგოს თავისი ხარჯები.