ენერგეტიკა
17/02/2023

განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებზე USAID-მა და GREDA-მ ერთობლივი პროექტი დაიწყეს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება დაიწყეს. ათთვიანი პროექტი მიზნად ისახავს უფროსკლასელებში განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.

პროგრამის ფარგლებში GREDA -ს ექსპერტები სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაზე იმუშავებენ, რომლის გამოყენებაც პედაგოგებს განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული არაფორმალური განათლებისთვის შეეძლებათ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) თანამშრომლობის ფარგლებში, ასოციაცია თბილისსა და რეგიონებში მდებარე სკოლებში 20 ლექციას ჩაატარებს, რომლის მიზანია IX-XII კლასის მოსწავლეების ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება განახლებად ენერგიასა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით; ასევე, ახალგაზრდების ინფორმირება ენერგეტიკის დარგში კარიერული შესაძლებლობებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაციის თაობაზე.

ლექციათა ციკლის პირველი შეხვედრა ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან გაიმართა. ენერგეტიკის დარგში არსებული პროფესიებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე GREDA-ს პროექტის მენეჯერმა, მატა გორდეზიანმა ისაუბრა. მოსწავლეებს პირადი გამოცდილება და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები გაუზიარეს ასევე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა - სემეკ-ის წევრმა, ERRA-ს თავმჯდომარემ მაია მელიქიძემ და ენერგეტიკული სისტემების ტექნიკურმა ექსპერტმა, პარვუს ქონსალთინგის ინჟინერმა თეონა ელიზბარაშვილმა.

„USAID-თან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გვაკავშირებს. სწორედ USAID-ს მხარდაჭერით შეიქმნა GREDA 2017 წელს. ამიტომაც განსაკუთრებით გვიხარია, რომ სწორედ ამ ორგანიზაციასთან პარტნიორობით ვიმუშავებთ ისეთ მნიშვნელოვან საქმეზე, როგორიცაა მოზარდებში ცნობიერების ამაღლება. მოგეხსენებათ, საქართველოში დაგეგმილია არაერთი ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა. აუცილებელია, დღესვე დავიწყოთ განახლებადი ენერგიის უპირატესობების შესახებ უფროსკლასელთა ცნობიერების ამაღლება და ამავდროულად დავაინტერესოთ ახალი თაობა ენერგეტიკის სექტორში კარიერული შესაძლებლობებით,“ - აღნიშნა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

„დღესდღეობით, ენერგეტიკის სექტორი მსოფლიოში არის ყველაზე დინამიური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ტექნოლოგიური და გარემოსდაცვითი ცვლილებები იმდენად სწრაფად ვითარდება, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე ლიდერებს, გარდა აკადემიური სწავლებისა რაც მათ მიუღიათ, მუდმივად სჭირდებათ დამატებითი ინფორმაციის მიღება და უნარების განვითარება, ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ გამჭრიახები და მუდმივად სიახლეებით ინფორმირებულნი, რათა შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ენერგეტიკულ სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა ჩვენს კოლეგებთან, GREDA წარმომადგენლებთან ერთად ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებულ აქტივობებს“ - რობ ტეილორი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში-ს ხელმძღვანელი.

პროექტის ფარგლებში დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე ტექნიკური საგნებით დაინტერესებული გოგონების ჩართულობას და მათ დაინტერესებას ენერგეტიკის სექტორში არსებული კარიერული შესაძლებლობებით.

 

Businesspartner