ესკო მალავს ტარიფებზე სრულ ინფორმაციას - აფბა ნათია თურნავას მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ (აფბა) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მიმართა და მოუწოდა დაინტერესდეს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ქმედებებით, რომელიც ერთი და იგივე კანონის სხვადასხვა მუხლებით მანიპულაციით ცდილობს გაზრდილი საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფას.
როგორც აფბას მიმართვაშია აღნიშნული, ესკო იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების დეტალური მონაცემების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) გამოქვეყნების ნაცვლად, ცდილობს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წელს გამოცემული აქტებითა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლების უადგილო მოშველიებით აარიდოს თავი რეალურ ვალდებულებას.
ახალგაზრდა ფინანსისტების განცხადებით, ესკოს მიერ მათთვის, მართალია დაგვიანებით, მაგრამ ბოლოს მაინც გადაგზავნილ ოფიციალურ პასუხში, უგულებელყოფილია საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველა ელემენტარული პირობა. შეიქმნა პარადოქსული სიტუაცია, როდესაც ესკო გაუგებარი მიზეზების გამო, საზოგადოებას უმალავს ინფორმაციას იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფების თაობაზე, რომლის გასაიდუმლოებაც იმპორტიორებს არ მოუთხოვიათ. აფბას მიმართვას უცვლ ელად გთავაზობთ:
„ქალბატონო ნათია, მოგმართავთ საჯაროდ, რათა თქვენი ყურადღება მივაპყროთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. კერძოდ, საქმე ეხება ენერგეტიკულ სექტორში სახელმწიფო კომპანიის მხრიდან ინფორმაციის გამჭვირვალობის პრობლემას.
საქმე ის გახლავთ, რომ თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ვცდილობთ ესკოს მხრიდან მივიღოთ ინფორმაცია 2016-2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფების (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) შესახებ.
კერძოდ, აფბამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს (ესკო) 2021 წლის 4 მარტს ოფიციალურად მიმართა, რათა მას მიეწოდებინა 2016-2021 წლის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალური ტარიფები თვეების მიხედვით. ინფორმაციაში დეტალურად უნდა ყოფილიყო ასახული იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობა და შესაბამისი საფასური დღის/ღამის და დასვენების დღეების ე.წ. საკონტრაქტო ფასების მიხედვით. აღარ შევჩერდებით მასზედ, რომ ესკომ დაარღვია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კანონით განსაზღვრული 10 დღიანი ვადა და მხოლოდ მას შემდეგ ინება, თუ გაბედა პასუხი, რაც აფბამ იგი ამ წესის დარღვევაში საჯაროდ ამხილა.
მთავარი ის არის, რომ ესკოს მიერ მოწერილ პასუხში ნათლად ჩანს, რომ იგი აფბას მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებას თავს არიდებს და ამის ახსნას ცდილობს ენერგეტიკის მინისტრის 2006-2007 წელს გამოცემულ აქტებზე დაყრდნობით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლების სრულიად უადგილო მოშველიებით. ესკოს პასუხში უგულებელყოფილია საჯაროობისა და გამჭვირვალობის ყველა ელემენტარული პირობა.
ქალბატონო ნათია, მოგეხსენებათ, გამჭვირვალობის პრობლემა დღეს უმწვავესად დგას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში. ჩვენ უკვე ვნახეთ რას იწვევს საზოგადოებასთან არასწორი კომუნიკაცია და ბოლო პერიოდში პირადად თქვენც არაერთხელ აღნიშნეთ, რომ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული პრობლემა, მათ შორის, არასათანადო კომუნიკაციის დამსახურებაცაა. ჩვენ გარწმუნებთ, რომ თუ ესკო გამჭვირვალობასთან მის დამოკიდებულებას რადიკალურად არ შეცვლის, იგივე პრობლემა დადგება იმპორტირებული ელექტროენერგიის შემთხვევაშიც. აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასების საზოგადოებისთვის დამალვა, ესკოს მხრიდან არამათლზომიერ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებსაც აჩენს.
ესკოს ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის არგუმენტად მოჰყავს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მე-11 მუხლი, სადაც წერია, რომ - „კვალიფიციური საწარმოები ვალდებულნი არიან, გაამჟღავნონ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეულია ღია ინფორმაციად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს მესამე პირებისათვის ამ ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობას“. საგულისხმოა, რომ ესკოს ხელმძღვანელობამ ერთპიროვნულად, კანონისა და მინისტრის ზემოთ მოყვანილი ბრძანების უხეში დარღვევით, გადაწყვიტა, რა ინფორმაცია შეიძლება იყოს კომერციული საიდუმლოება და რა არა, მაშინაც კი, როდესაც მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის პირობა თავად იმპორტიორების მხრიდან არ არსებობს. აშკარა და თვალსაჩინოა, რომ ესკოს ხელმძღვანელების მხრიდან ადგილი აქვს უფლებამოსილების გადამეტებას.
როგორც მოგეხსენებათ, კანონში ეს საკითხი რეგულირდება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" #27/2 მუხლით - კომერციული საიდუმლოების შესახებ. სადაც, მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ „ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ინფორმაცია არ ითვლება კომერციულ საიდუმლოებად და არავის, მითუმეტეს, სახელმწიფო სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელს, არ აქვს უფლება ასეთი გრიფი კანონის დარღვევით გასცეს.
აფბამ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ჩაატარა მოკვლევა და აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის იმპორტიორებთან გასაუბრებით დაადგინა, რომ არცერთ მათგანს მათი ტარიფების შესახებ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ესკოსთვის არ აქვთ მიწოდებული. არც საჯარო რეესტრშია რაიმე ასეთი ტიპის შეთანხმება რეგისტრირებული 2021 წლის 1 მარტის მდგომარეობით. ერთადერთი იმპორტიორი, რომელთან გასაუბრება და საკითხის გარშემო მოკვლევა აფბამ ვერ მოახერხა, არის რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანია... ანუ, 4 დან 3 იმპორტიორი ჩვენთან კომუნიკაციაში ადასტურებს, რომ შეთავაზებული ფასების გასაიდუმლოების მოთხოვნით მათ ესკოსთვის არ მიუმართავთ.
აღწერილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა სახის კომერციულ საიდუმლოებაზე საუბრობს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, როდესაც იმპორტიორები აცხადებს, რომ მისი ტარიფების კომერციულ საიდუმლოდ გამოცხადების თაობაზე ესკოსთვის ინფორმაცია არ აქვს მიწოდებული. ეს კი პირდაპირ ნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრციული კოდექსით განსაზღვრული კომერციული საიდუმლოების მუხლი ამოქმედებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი მოთხოვნა არა მიმდინარე, ან სამომავლო, არამედ გასული პერიოდის ტარიფებს ეხება. რომც არსებობდეს რომელიმე იმპორტიორის (დავუშვათ, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტიორის) მიმართვა ფასების კონფიდენციალობის თაობაზე, მიგვაჩნია, რომ ესკო ვალდებული იყო, აღეწერა ჩვენთვის ეს ვითარება და დანარჩენი სამი იმპორტიორის ფასები მაინც მოეწოდებინა. მან ეს არ გააკეთა!
ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ესკოს მიერ ჩვენთვის არგუმენტად მოყვანილი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილებებია შესული 2007 წელს, რომლის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში პირდაპირ წერია რომ, ღია ინფორმაციად მიიჩნევა: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობები – ელექტროენერგიის ფასის მითითებით.
შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობები და ფასები; ინფორმაცია
ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წინასწარ გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების გარეშე არსებული ელექტროენერგიის მოცულობებისა და გამყიდველის მხრიდან შემოთავაზებული ფასის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით გვიმალავს ესკო ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას და რატომ არ ცდილობს, რომ პროცესი გახადოს გამჭვირვალე და საჯარო.
ქალბატონო ნათია, ღია მმართველობისა და გამჭვირვალობის პრინციპების სულისკვეთებიდან გამომდინარე, გთხოვთ, დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით, მოუწოდოთ ესკოს, რომ ამ უკანასკნელმა მოგვაწოდოს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია იმ პირობების დაცვით, როგორც იგი გვაქვს გამოთხოვილი. კერძოდ:
ელექტროენერგიის იმპორტიორების საკონტრაქტო ფასები ღამის, უქმეების და დღის პიკური 14 საათიანი პერიოდის ჭრილში თვეების მიხედვით - 2016-2021 წწ
2016-2021 წლებში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობები და ფასები თვეების ჭრილში. მათ შორის, ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობები და ტარიფები, რომელიც გადახდილია საქართველოს ბიუჯეტიდან ან ესკოდან.
ამით პროცესი გახდება სრულად გამჭვირვალე, დაინტერესებულ საზოგადოებას ჩაშლილ მონაცემებზე ექნება წვდომა და ეცოდინება, დროის კონკრეტულ პერიოდში, სწორად მოხდა თუ არა ელექტროენერგიის იმპორტიორი კომპანიის შერჩევა.
იმედი გვაქვს, თქვენ ადეკვატურად შეაფასებთ საკითხის მნიშვნელობას და გონივრულ დროში გვაცნობებთ თქვენს დამოკიდებულებას. აქვე, ვალდებულად მიგვაჩნია თავი, გაგაცნოთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული შემდგომი ნაბიჯები, თუკი თქვენგანაც ვერ მივიღებთ სამართლიან და სათანადო დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა მიმართული იქნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი, დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება ესკოს ქმედებაზე, რომელიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ხელს უწყობს ელექტროენერგიის იმპორტის საკითხში ბუნდოვანების დატოვებას და ამით მის შესაძლო კორუფციულ გარიგებებში ჩართულობის ეჭვებს აჩენს“, - ნათქვამია აფბას მიმართვაში.