"ენგურჰესის რეაბილიტაციის შემდეგ ელექტროენერგიის გამომუშავებას 100 მლნ კვტ დაემატება"
ეკონომიკის მინისტრმა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერებისას, ჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ენგურჰესი“ არის ჩვენი ჰიდროენერგიის ყველაზე დიდი წყაროა, რომელიც ელექტრობაზარს 40-50%-ით ამარაგებს.
"ეს არის ძვირფასი ენერგია ჩვენთვისაც და ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, ის არის ჩვენი საერთო სიმდიდრე, რომელიც აერთიანებს სრულიად საქართველოს“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, 15 კილომეტრიან გვირაბში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად შემცირდება წყლის ჟონვა და სულ მცირე, 100 მილიონი კვტ. დაემატება ჰესის არსებულ გამომუშავებას.
„ენგურჰესი“ არის უნიკალური ნაგებობა და დღესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი კაშხლების ტოპ-ათეულშია. ჰესი გაშვებულია 70-იანი წლების ბოლოს და მას მერე გვირაბის ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა. იყო რამდენიმე რემონტი, მაგრამ დღეს რაც კეთდება, ეს არის მართლაც უახლესი ტექნოლოგიები. სამუშაოებს ატარებს ქართული კომპანია, პროცესში ასევე ჩართულები არიან გერმანელი და სხვა ქვეყნების სპეციალისტები. სამუშაოებზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და მათი უმრავლესობა ამ რაიონის მაცხოვრებლები არიან“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და დაგეგმილია, რომ დასრულდეს მიმდინარე წლის მაისის დასაწყისამდე.