ენერგეტიკა
16/09/2020

ენერგოსექტორის განვითარებას ახლებური მიდგომა სჭირდება

ენერგეტიკის სფეროს სპეციალისტები სექტორში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიმართვების გავრცელებასა და პრობლემური საკითხების საჯაროდ გამოტანას აპირებენ. ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებელი, მურმან მარგველაშვილი დარგის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სწორი და კარგად დაგეგმილი სტრატეგიის არარსებობას ასახელებს.

„ენერგეტიკულ სექტორში ბევრი გამოწვევაა. მათ სჭირდება სერიოზული მიდგომა და ახალი ენერგეტიკული პოლიტიკა. იმედია, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი და ახალი მთავრობა სერიოზულად მიუდგებიან. აქ არის ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემები, რეფორმების სწორად აღსრულების პრობლემები, ენერგეტიკული სიღარიბის პრობლემები და ბევრი სხვადასხვა მცირე პრობლემა, რომელიც ჯამში ჩვენი დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარებისთვის საკმაოდ სახიფათო მდგომარეობას ქმნის. ჩვენ ამაზე სპეციალური მიმართვების გაკეთებას და ამ საკითხების საჯაროდ გაჟღერებას ვაპირებთ, რათა ახალმა ან ძველმა პოლიტიკურმა ძალებმა მეტი ყურადღება მიაქციონ ენერგეტიკის სექტორში შექმნილ მდგომარეობას, რომელიც სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს.

უნდა ჩამოყალიბდეს გააზრებული სტრატეგია. ანალიტიკურ მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გვქონია. სამწუხაროდ, ამ ანალიტიკური საფუძვლის გარეშე ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ ჩვენს ოფიციალურ პირებს თავიანთი შეხედულებებით, რომელიც კვლევებით საკმარისად გამაგრებული არ არის“,- აცხადებს ენერგეტიკოსი.

Businesspartner