ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება სავარაუდოდ, ისევ გადავადდება
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება სავარაუდოდ, ისევ გადავადდება.
მიუხედავად იმისა, რომ ბირჟის გახსნის თარიღი უკვე არაერთხელ შეიცვალა, ახლაც არის მოლოდინი რომ ენერგეტიკული ბირჟა ვერც მიმდინარე თვის ბოლოს ამოქმედდება.
სემეკში აცხადებენ, რომ რჩება რამდენიმე ტექნიკური საკითხი, რომელიც მოსაგვარებელია და ბირჟის გახსნის თარიღი სწორედ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოესწრება ამ ხარვეზების გამოსწორება.
„მარეგულირებელ კომისიაში იყო მესამე მოსმენა, ახლა უკვე ბაზრის გახსნის მზაობასთან დაკავშირებით. მოვუსმინეთ ბაზრის ოპერატორს, ელექტროსისტემას, კომერციულ ოპერატორს, ძირითადი საკითხები რა მითითებებიც წინა განხილვებისას მივეცით მხარეებს, არის შესრულებული.
მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხია დარჩენილი მოსაგვარებელი. ასევე ორი ბაზრის მონაწილე არ არის დარეგისტრირებული სახელმწიფო ელექტროსისტემაში და ვფიქრობთ, ამ ნაწილში გამივიყენოთ სანქცირების მექანიზმები.
ამით საკითხები პრაქტიკულად შეიკვრება და შემდეგ განვაცხადებთ, რომ ბაზარი არის მზად გახსნისთვის.
ენერგობირჟასთან დაკავშირებული საკითხების მომდევნო განხილვა გვაქვს ხუთშაბათს და ვნახოთ როგორ მოაგვარებენ.“-აღნიშნა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
კითხვაზე, არის თუ არა შანსი რომ ვერ მოესწროს ტექნიკური ხარვეზების გამოსწორება და ბირჟის გახსნა გადავადდეს, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ამის შანსი არსებობს.
„კი ბატონო, თუმცა დიდი ხანი არ დასჭირდება, პრაქტიკულად იმ საკითხების მოგვარებას, რაც არის დარჩენილი დიდ დროს არ საჭიროებს,“-განმარტა სემეკის თავმჯდომარემ.
ცნობისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით მთავრობის პრეროგატივაა. თუმცა საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.
აღსანიშნავია რომ ენერგეტიკული ბირჟა ჯერ კიდევ 2021 წლის პირველ ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მაშინ მისი გადავადების მთავარ მიზეზად ბაზრის მონაწილეების არასაკმარისი მზაობა დასახელდა.
მოგვიანებით, ბირჟის ამოქმედება 2022 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ 1 მარტამდე გადაიდო. გასული წლის აგვისტოს ბოლოს კი ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება რისკების შემცველია.
ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ბოლოს დასახელებული თარიღი 31 მარტი იყო.