ენერგეტიკა
28/03/2023

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადავადდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებში შესაბამისი ცვლილებები შევიდა.

ბირჟის გახსნის მეხუთედ გადავადების მიზეზად ამ შემთხვევაში რეგიონში არსებული გამოწვევები სახელდება. „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 30 დეკემბრის N625 დადგენილებაში - ცვლილებები შევიდა.

წარმოდგენილ დადგენილებებში ცვლილება ითვალისწინებს ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის შესაბამისად, დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვებას - 2023 წლის პირველ ივლისს.

ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია. პარალელურად, საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეების მზაობას და აღსანიშნია, რომ მათ დამატებითი დრო ექნებათ ვაჭრობასთან დაკავშირებული პროცესების განსახორციელებლად.

„ენგურჰესსა“ და „ვარდნილჰესების კასკადს“ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და მდგრადობისათვის მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ეს საწარმოები წარმოადგენენ BSP (დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები) სტატუსის მქონე პირებს და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის, რაც, წყლის დონის გათვალისწინებით, სწორედ ზაფხულის პერიოდისთვის არის ხოლმე შესაძლებელი.

სწორედ, ზემოაღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, ბაზრის ახალი მოდელი მიმდინარე წლის პირველ ივლისს ამოქმედდება.“- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.

Businesspartner