ენერგეტიკის სექტორის კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენცია გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის კიბერუსაფრთხოების შესახებ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით გამართული კონფერენცია გახსნა.
დავით ნარმანიამ შეაჯამა ორი დღის განმავლობაში მიმდინარე სამუშაო შეხვედრა, რომელშიც სემეკის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
„ენერგეტიკის სექტორში მდგრადი და ძლიერი კიბერუსაფრთხოება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. მნიშვნელოვანია კრიტიკული ენერგო ინფრასტრუქტურის კიბერმედეგობის გაძლიერება და ამ კუთხით, ენერგეტიკის სექტორის სრული დაცვა. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების გადამზადებაც. USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრები იყო ნაყოფიერი და ხელი შეუწყო მონაწილეების ინფორმირებულობის დონის გაზრდას, კიბერრისკების თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი უნარების გამომუშავებას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა: „სემეკში აქტიურად მიმდინარეობს დიგიტალიზაციის პროცესი. შემუშავდა დიგიტალიზაციის სტრატეგია, რომელიც მოიცავს მონაცემთა ბაზის დაცვის მექანიზმებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხების გაძლიერებას. კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია როგორც ზოგადად ენერგეტიკის სექტორისთვის, ასევე სემეკისთვის. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ამ კუთხით თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.
USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტთან „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში” თანამშრომლობით, 21-22 თებერვალს ენერგეტიკული კიბერსამაგიდო, ტექნიკური სავარჯიშო ჩატარდა. ტექნიკური და სამაგიდო სავარჯიშოების მიზანს წარმოადგენდა სემეკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ეროვნული კიბერუწყებების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება, კრიტიკული ინფორმაციის ინფრასტრუქტურის უწყებებში კიბერრისკების სათანადო შეფასება.