ენერგეტიკა
19/07/2023

ელექტროენერგიის ექსპორტი იზრდება

ელექტროენერგიის ექსპორტი იზრდება. აპრილ-მაისში ექსპორტის ღირებულებამ 30 მლნ დოლარს მიაღწია. ამასთან, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ელექტროენერგიის ექსპორტი შედარებით ადრე - აპრილში დაიწყო.

აპრილში ექსპორტზე 12 მლნ 128 ათასი დოლარის ელექტროენერგია გავიდა, ხოლო მაისში - 17 მლნ 680 ათასი დოლარის ღირებულების.

როგორც დარგში განმარტავენ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჰიდროლოგიურად, წლის დასაწყისი უხვწყლიანი იყო და გენერაციამ მოიმატა, ხოლო მეორე მხრივ, შიდა მოხმარება შემცირდა.

„ექსპორტის ადრე დაწყება შევძელით იმიტომ, რომ ამუშავდნენ თბოსადგურები და გვაქვს ელექტროენერგიის მოხმარებაში შემცირება - პირდაპირ მომხმარებლებს შეუმცირდათ მოხმარება. ესენი არიან მაინინგ კომპანიები, ინდუსტრიული და ფეროშენადნობების საწარმოები. მათი მოხმარების შემცირებამ დაახლოებით 10%-იანი შემცირება გამოიწვია ჯამურ მოხმარებაში. ეს 10% ფაქტობრივად, სრულად გავიდა ექსპორტზე. თბოსადგურებმაც სრული დატვირთვით იმუშავეს“ - აცხადებს Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი „ენერგონიუსთან“.

რაც შეეხება ფასებს, შარშანდელთან შედარებით, ექსპორტის ფასები შემცირებულია. როგორც „საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი აცხადებს, ამ დროისთვის ფასი 6-7 ცენტის ფარგლებში მერყეობს.

„ჯერჯერობით, წინა წელთან შედარებით, ივლისშიც, წვიმიანი ამინდის გამო, ჭარბი გენერაცია გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ, ივლისშიც ექსპორტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. თუ აგვისტო მშრალი იქნება, შეიძლება, მოგვიწიოს ექსპორტის შეწყვეტა. თუმცა, მეორე მხრივ, აგვისტოში თურქეთში ფასი იმატებს, ტურისტული სეზონი პიკს აღწევს და აქედან გამომდინარე, იქ ფასები უფრო მაღალი ფასი იქნება აგვისტოში. ახლა ცოტა დაწეულია და 6-7 ცენტის ფარგლებში მერყეობს, თუმცა, მოგეხსენებათ, ზაფხულში, ჭარბწყლიანობის პერიოდში ამ ფასების მიღება შეუძლებელია ჩვენს ბაზარზე“ - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი "ენერგონიუსთან".

2022 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 84 მლნ დოლარს გადააჭარბა. შედეგად, დადებითი სავაჭრო ბალანსი 43 მლნ დოლარს გაუტოლდა, თუმცა რაოდენობრივად საქართველო კვლავ წმინდა იმპორტიორია - 0.6 ტვტ.სთ წმინდა იმპორტით.

energynews.ge

Businesspartner