ენერგეტიკა
24/10/2023

"ელექტროენერგეტიკული ბაზარი, რეგიონში არსებული რისკების შემცირების შემდეგ გაიხსნება"

"ჩვენს რეგიონში არსებული ენერგეტიკული რისკების შემცირების შემდეგ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნა მოხდება,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რისკები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტითაა გამოწვეული.

"როგორც ევროპის ქვეყნების, ასევე არაწევრი ქვეყნების გამოცდილებით ვხედავთ, რომ ბაზრის გახსნა სწრაფ რეჟიმში არ მომხდარა და ეტაპობრივად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, ჩვენც ეტაპობრივად ვაკეთებთ ამ ყველაფერს.

შესაბამისად, ჯერ საკანონმდებლო ბაზის მიღება მოხდა, შემდეგ მისი დახვეწა, სწავლება და ტექნოლოგიური სისტემის მომზადება,"-აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება გაზის ბაზრის გახსნას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ თავისი კონცეფციიდან გამომდინარე, ის ენერგეტიკის სექტორს ერთი წლით ჩამორჩება. აქედან გამომდინარე, ჯერ ენერგეტიკის სექტორის მეორადი კანონმდებლობა და მარეგულირებელი ბაზა მომზადდა. ახლა კი ის პროცესია, როდესაც გარკვეული ნაწილი არის მიღებული, ხოლო გარკვეული ნაწილის მიღება გრძელდება.

ნარმანიას ცნობით, ტექნიკური ნაწილის შემთხვევაში, რომელიც გაზის ვაჭრობის პლატფორმას მოიცავს, ელექტროენერგეტიკული სექტორის პარალელურად მზადდება.