ენერგეტიკა
08/04/2021

ეკონომიკის სამინისტრო NGO-ებს პასუხობს

"ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იქვე აცხადებს, რომ მიუღებელია, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც საჯარო უწყება, აწარმოებს ღია და გახსნილ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად.

სამინისტრო გადაწყვეტილებების მიღებისას ხელმძღვანელობს საჯაროობის პრინციპით და ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თანამშრომლობს სხვადასხვა ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე საინიციატივო ჯგუფებთან.

სამინისტროში შექმნილია რამდენიმე ათეული ასეთი მუდმივმოქმედი თუ დროებითი ჯგუფი, რომლებთან ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენი უწყება ერთ-ერთი ყველაზე გახსნილია დიალოგისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმული ბრალდებები, თითქოს ჩვენ არ ვართ დიალოგის მომხრე, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამავე დროს, აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია დიალოგის იმ ფორმატში წარმართვა, როდესაც პროცესის მონაწილე ერთი მხარე საჯარო სივრცეში ავრცელებს მეორის წინააღმდეგ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რომლებიც აპრიორი გამიზნულია ფართო საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის ადგილზე ვითარების დაძაბვისკენ.

სხვადასხვა საკითხების პოლიტიკურ ჭრილში და ტემპერატურის ხელოვნურად მომატების ნაცვლად, ცხადია, მივესალმებით ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიას და განსხვავებულ აზრს. სამინისტრო აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დისკუსიის ფორმატს და მხოლოდ ასეთ ფორმატში მოხდეს მათ მიერ დაყენებული საკითხების განხილვა, უნდა შემუშავდეს სადისკუსიო საკითხების კონკრეტული დღის წესრიგი, პროცესში ჩაერთონ კომპეტენტური ექსპერტები და დაინტერესებული მხარეები.

ამავე დროს, სამინისტროსთვის მიუღებელია და დიალოგის ფორმატის უხეშ დარღვევად აღიქმება, კონსულტაციის პროცესში, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ნამახვანი ჰესის“ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადაყვანა და პროექტის მშენებლობის გაჩერების ნებისმიერი მცდელობა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს სრული და ამომწურავი პასუხი ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. ამის ნათელი მაგალითია საჯარო განმარტებები, რომლებიც სამინისტრომ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ გააკეთა. ამდენად, ჩვენ მზად ვართ ღიად და საჯაროდ ვუპასუხოთ ყველა დასმულ საკითხს, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ როგორც აღნიშნული ენერგეტიკული პროექტის განვითარების პროცედურა, ასევე უშუალოდ კონტრაქტზე მუშაობა განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით და ქვეყნისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.

ჩვენი სურვილია, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას სპეკულაციებს როგორც კონკრეტულად „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან, ასევე ზოგადად საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გასამყარებლად მიმართულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვდეს ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იმ სამ ორგანიზაციას, რომლებმაც დღეს ბრიფინგი გამართეს, საქმიან ვითარებაში კონკრეტულ საკითხებზე დიალოგის გასამართად.

 

 

Businesspartner