ენერგეტიკა
08/09/2021

E-Space: ჭკვიანი დამტენების ბიზნეს მოდულმა გაამართლა, პროგრამაში რამდენიმე კომპანია ჩაერთო

E-Space-ის ბიზნეს მოდული ე.წ ჭკვიანი დამტენების მფლობელებისთვის წარმატებით მიმდინარეობს, პროექტმა გაამართლა და მოლოდინებიც დადებითია, - აცხადებს კომპანიის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი დავით იოსავა “ბიზნესპარტნიორთან“.

ე.წ. ჭკვიანი დამტენების მფლობელებს კომპანიამ ბიზნეს მოდული ცოტა ხნის წინ შესთავაზა, რომლითაც მათ შემოსავლის მიღება შეუძლიათ.

"ჩვენს პროგრამაში უკვე რამდენიმე კომპანია ჩაერთო. ჯერ მხოლოდ 2 თვე გავიდა და შემიძლია ვთქვა, რომ ეს პერიოდი პლიუსში დავამთავრეთ და შესაბამისად პროექტმა გაამართლა.

რამდენიმე კომპანია მოლოდინის რეჟიმშია, ვამონტაჟებთ დამტენებს ვამონტაჟებთ. ამ ეტაპისთვის ჩვენი ბიზნეს მოდულით დაყენებულია ელექტრომობილის 20-მდე დამტენი, რომელიც ძირითადად თბილისშია განთავსებული. სულ მალე დაემატება კიდევ 20 დამტენი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ბიზნეს შეთავაზება ეხება, როგორც იურიდიულ პირებს, ასევე კერძო პირებს. ყველა ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს, აქვს ინტერნეტთან წვდომა და ათვისებული აქვს დამტენის კომუნიკაციის ენა, შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში და ისარგებლოს აპლიკაციით," – აღნიშნავს E-Space-ის საოპერაციო სამსახურის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება ელექტრომობილებზე მოთხოვნას, დავით იოსავას თქმით, პანდემიის პერიოდში მხოლოდ გაზაფხულზე იყო მოთხოვნის ვარდნა და არსებული სტატისტიკური მონაცემებით, თვეში მინიმუმ 30 ელექტრომობილი შემოდის ქვეყანაში და ამ მხრივ მზარდი ტენდენცია შეინიშნება.

"კომპანიის სამომავლო გეგემები ეხება აღნიშნული ბიზნეს მოდულის დახვეწასა და განვითარებას. გვინდა უფრო მეტი კომპანია ჩავრთოთ პროგრამაში. აპლიკაცია შეუფერხებლად ფუნქციონირებს", – განმარტავს დავით იოსავა.

შეგახსენებთ, რომ ბიზნეს მოდულის დახმარებით, ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც ე.წ ჭკვიანი დამტენი აქვს, შეუძლია ჩაერთოს აპლიკაციაში და თავისი დამტენები სწორედ მისი მეშვეობით მართოს. აპლიკაციით მომხმარებელი ასევე შეძლებს, თავად განსაზღვროს, რა ტარიფს დააწესებს მომსახურებაზე, შემდეგ კი შემოსავალსაც მიიღებს. ბაზარზე ელექტრომობილების დამტენის მაქსიმალური ფასი 7600 ლარია.

Businesspartner