ენერგეტიკა
21/09/2023

დავით ნარმანია: სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში

სემეკის ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 74 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მიმართვიანობის ზრდამ ბოლო 3 თვის განმავლობაში 10% შეადგინა (15 ივნისის მონაცემებით – 68 861 განაცხადი), გასული წლის მონაცემებთან შედარებით, იუსტიციის სახლში გადატანილ კომუნალურ სერვისებზე მოქალაქეთა მიმართვიანობა თითქმის გაორმაგებულია.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მოქალაქეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის კომუნალურ სერვისებს, განაცხადების ჩაბარება ერთ სივრცეშია შესაძლებელი, საქართველოში არსებულ 117 ფილიალში. კერძოდ, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა.

კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კომუნალური კომპანიის აბონენტს.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ მისი გუნდი ორიენტირებულია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. სწორედ ამ მიზნით მოხდა იუსტიციის სახლთან თანამშრომლობის ახალი პროექტის რეალიზება, რაც სემეკის სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„სემეკი ორიენტირებულია, რომ ეტაპობრივად გაუმჯობესდეს მომსახურების ხარისხი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკსა და იუსტიციის სახლის ერთობლივი ძალისხმევით დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელმაც უფრო მეტად გაამარტივა კომუნალური მომსახურებების მიღება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

კომუნალური სერვისების მომხმარებლები ჩვენთან საუბარში კმაყოფილი არიან აღნიშნული სერვისების იუსტიციის სახლებში მიწოდებით. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილებით შესაძლებლობა აქვთ, ნაკლები დრო დახარჯონ განაცხადის გაკეთებაზე.

 „იუსტიციის სახლში ერთი მოსვლით რამდენიმე კომუნალური სერვისით ვითარგებლე. ძალიან კარგია, როდესაც ერთ ადგილზე შემიძლია ამდენი საკითხის მოგვარება და ძალიან მიხარია, რომ აქვე შევძელი განცხადების გაკეთება კომუნალურ მომსახურებაზე“, – ამბობს ინდმეწარმე ნანა.

იუსტიციის სახლში კომუნალური სერვისების მიღებით კმაყოფილია დავითიც: „ქალაქში ასეთი საცობების პირობებში კარგია, როდესაც მხოლოდ ერთ ადგილზე გიწევს მანქანით მისვლა რამდენიმე საქმის გასაკეთებლად. პარკინგზეც შეიძლება ადგილის პოვნა. თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც თავისუფლად შეიძლება აქ მოსვლა. ძალიან ბევრ დროს ვზოგავ ერთ სივრცეში ასეთი სერვისებით მიღებით“.

სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომუნალურ მომსახურებაზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, საინფორმაციო ხასიათის ბანერები იუსტიციის სახლის  ყველა ფილიალში განთავსდა.

 

 

Businesspartner