ენერგეტიკა
21/06/2023

დავით ნარმანია ლიეტუვაში ნეტო-აღრიცხვის გამოცდილებას გაეცნო

ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ნეტო-აღრიცხვის რეგულირებისა და ენერგიის დამგროვებლების მუშაობის პრინციპს    გაეცნო. სემეკის თავმჯდომარემ დაათვალიერა მზის ელექტროსადგურები, ჰიდრომააკუმულირებელი და გათხევადებული გაზის ტერმინალი და კოგენერაციის სადგური.

დავით ნარმანიას თქმით, სემეკის მიზანია მაქსიმალურად შეეწყოს ხელი საქართველოში განახლებადი ენერგიების გამოყენებას: „ნეტო-აღრიცხვის სისტემა წარმოადგენს ეფექტურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი მოხმარებისთვის გამოიმუშაონ ელექტროენერგია და ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდონ გამანაწილებელი კომპანიის ქსელს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. მოგეხსენებათ, სემეკის ინიციატივით, საქართველოში ნეტო-აღრიცხვის სისტემა 2016 წელს დაინერგა და დღეს უკვე ქსელში ჩართული მიკროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აჭარბებს 43 მეგავატს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნეტო-აღრიცხვის რეგულაცია სრულად ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის ვსწავლობთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას და ამ კუთხით, ლიეტუვის გამოცდილება საკმაოდ საინტერესოა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ნეტო-აღრიცხვა“ ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს  ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს.

 

Businesspartner