დააჩქარებს თუ არა უკრაინის ომი განახლებად ენერგიებზე გადასვლის პროცესს
„ისევე, როგორც 1970-იანი წლების OPEC-ის კრიზისმა ხელი შეუწყო განახლებად ენერგიის წყაროებში ინვესტიციებსა და ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ავალდებულებდა ქვეყნებს საწვავის ეფექტურობის ეროვნულ სტანდარტების შემუშავებას, მიმდინარე კრიზისმა შესაძლოა აიძულოს ევროპა უფრო სწრაფი ტემპით განახორციელოს ინვესტიციები ალტერნატიულ ენერგეტიკაში“, – განაცხადა პიტერ სობოტკამ, ევროპაში ენერგოგადამცემი ქსელების კომპანიის Corinex-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.
თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი
უკრაინაში მიმდინარე ომი მესამე ასიმეტრიული შოკია, როგორც ამას ეკონომისტები უწოდებენ, რომელიც ევროკავშირმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განიცადა – 2008 წლის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის და ევროზონის შემდგომი კრიზისისა და კოვიდ-19 პანდემიის შემდეგ. ასიმეტრიული შოკი არის ეკონომიკური პირობების უეცარი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე, სხვებთან შედარებით, უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს. უკრაინის ომი ბევრად ძლიერ ზემოქმედებას მეზობელ ქვეყნებზე, ლტოლვილების გაზრდილი ნაკადებისა და რუსეთის გაზზე მათი დამოკიდებულების გამო.
ხსენებულმა შოკმა კი კიდევ ერთხელ დაარწმუნა ევროპელები ევროკავშირის მწვანე შეთანხმების შესრულების დაჩქარებაში, როგორც რუსეთის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შეწყვეტის ყველაზე საიმედო გზაში.
აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპაში მომხმარებული წიაღისეული საწვავიდან დაახლოებით 40% მოდის რუსულ გაზზე, 25% – ნავთობბზე და 45% – ნახშირზე.
გასულ კვირებში, ევროკავშირის 27 გარემოსდაცვითი მინისტრის შეხვედრის დროს, აბსოლუტური მხარდაჭერა იქნა გამოცხადებული კლიმატის კანონმდებლობის დაჩქარებისადმი, როგორც ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან განთავისუფლების გზისადმი.
„საერთაშორისო კონტექსტი მკვეთრად შეიცვალა, ჩვენი დებატები ახლა მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ სიტუაციაში და იღებს სრულიად ახალ მიმართულებას, ევროპის სუვერენიტეტის საფრთხის გათვალისწინებით“, – განაცხადა საფრანგეთის ეკოლოგიური ტრანზიციის მინისტრმა ბარბარა პომპილიმ შეხვედრის გახსნისას.
”ჩვენ უნდა ვუპასუხოთ [კლიმატის] კრიზისს, მაგრამ ასევე უნდა მივხედოთ ჩვენს საჭიროებას ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კუთხით,” დასძინა მან.
შეხვედრაზე ყველა მინისტრმა აღნიშნა უკრაინის ომი და თითქმის ყველამ დაადასტურა რუსული წიაღისეული საწვავისგან თავის დაღწევის აუცილებლობა.
„ყოველთვის, როცა ჩვენს მანქანებს რუსული დიზელით ვავსებთ და სახლებს რუსული გაზით ვათბობთ, ფაქტობრივად ვამარაგებთ პუტინის ომის მანქანას და ეს უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა ლატვიის გარემოს დაცვის მინისტრმა არტურს ტომს პლესმა.
ისეთი ქვეყნისთვისაც კი, როგორიც ბულგარეთია, რომელიც თითქმის 100%-ით არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, განახლებადი ენერგიის მოპოვება ახლა უსაფრთხოების პრიორიტეტად იქცა.
„რუსეთი არ აწარმოებს ჩვენს მზის პანელებს ან ქარის ტურბინებს. ის მხოლოდ წიაღისეულ საწვავს აწარმოებს – ჩვენ ეტაპობრივად უნდა მოვიშოროთ ისინი“, – განმარტა ბორისლავ სანდოვმა, ვიცე-პრემიერმა და გარემოს დაცვის მინისტრმა ბულგარეთში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ემისიების შემცირებისაკენ სწრაფვას „უსაფრთხოების პოლიტიკას“ უწოდებს.
აღნიშნული ნარატივი გაგრძელდა ევროკავშირის ლიდერების სამიტზეც, რომელიც 24 და 25 მარტს გაიმართა. სამიტის შემდეგ გაკეთებულმა გსანცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის გადაწყვეტილება „რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს თავისი დამოკიდებულება რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“ – ორი მესამედით წლის ბოლომდე, ხოლო „2030 წლამდე“ სრულად განთავისუფლდეს ყველენაირი რუსული წიაღისეული საწვავისგან.
“რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების შემცირების სამი გზა არსებობს: მიწოდების დივერსიფიკაცია, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დაჩქარება“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
„დივერსიფიკაციის ნაწილში უნდა გავზარდოთ თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები ისეთი მომწოდებლებისგან, როგორიცაა აშშ, ყატარი, ნორვეგია, აფრიკელი მწარმოებლები და სხვ. ამისათვის გვჭირდება ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია თხევადი ბუნებრივი აირის მიღება და გადამუშავება. ამ სახის ინფრასტრუქტურა ევროპაში არათანაბრად არის განაწილებული. ასეთი ობიექტები ბევრია ესპანეთში, მაგრამ თითქმის არ არის გერმანიაში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუმცა, ამჟამად არ გვაქვს საკმარისი მილსადენები, რომლებიც ესპანეთსა და კონტინენტის სხვა ნაწილებს ერთმანეთთან დააკავშირებენ. მოგვიწევს ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ძალისხმევის გაერთიანება.“ – დაამატა მან.
აღნიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირის მინისტრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოუწოდა ევროპას, რაც შეიძლება სწრაფად განეხორციელებინათ წინსვლა ხსენებული მიმართულებით.
ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ავსტრია, ბელგია, დანია, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი კიდევ უფრო შორს წავიდნენ და განაცხადეს, რომ ევროპის ენერგეტიკული ტრანზიცია მაქსიმალურად უნდა დაჩქარდეს.
„გულწრფელად უნდა ვიკითხოთ საკუთარ თავს, არის თუ არა ჩვენი ამბიციები საკმარისად ამბიციური? კიდევ უფრო სწრაფად არ უნდა გადავიდეთ განახლებად ენერგიაზე? უფრო სერიოზულად უნდა მივუდგეთ თუ არა ეფექტურობას?” ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრმა ლეონორ გევესლერმა ჰკითხა თავის კოლეგებს.
„ეს ომი არის წიაღისეული საწვავის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობის ყველაზე მძაფრი შეხსენება… “, განუცხადა მინისტრებს გარემოს დაცვის კომისარმა ვირჯინიუს სინკევიჩიუსმა.
ვიშეგრადის 4 ქვეყანამაც კი (უნგრეთმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა და სლოვაკეთმა) შეარბილა კრიტიკა ევროკავშირის კლიმატის პოლიტიკის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ ეთანხმებიან მწვანე შეთანხმების ზოგიერთ ასპექტს, აღნიშნულ ქვეყნებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი რუსული წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულებისგან ეტაპობრივად განთავისუფლების მცდელობა, აღნიშნული კი ასევე დაეხმარებს ევროპას კლიმატის მიზნების მიღწევაში.
უნგრეთიც კი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული კონსერვატულობით გამოირჩევა და ახლაც მაქსიმალურად ერიდება რუსეთის ღია კრიტიკას, შეუერთდა მოწოდებას უკრაინის ომის საპასუხოდ მწვანე პოლიტიკის დაჩქარების თაობაზე.
„მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და დავეთანხმო მათ, ვინც გამოთქვა აზრი, რომ ჩვენ უნდა შევეგებოთ ახალ რეალობას, რომელშიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება აშკარად არის მწვანე ენერგეტიკაზე გარდასვლის პროცესის დაჩქარება“, – აღნიშნა გაბორ ბარანიამ, უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელმა ბრიუსელში.
პოლონეთი ასევე ყოველთვის ფრთხილი იყო მდგრად ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ ომმა გავლენა მოახდინა ვარშავის შეხედულებაზე ენერგეტიკულ ტრანზიციასთან მიმართებაში.
„ცხადია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრძელვადიანი მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის კლიმატის მიმართ ნეიტრალური ევროპა 2050 წლისთვის. ეს თან ახლავს წიაღისეული ენერგიების საჭიროების აღმოფხვრას, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი საზრუნავისთვის, რაც გულისხმობს რუსული წიაღისეული საწვავისგან სრულად განთავისუფლებას“, – განცხადა ადამ გიბურჟე-ჩეტვერტინსკიმ, პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კლიმატისა და გარემოს დაცვის სამინისტროში.
პოლონეთმა ასევე გამოიყენა მომენტი რუსეთის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის. უკრაინაში ომის მოგვარების საუკეთესო გზა არის „ევროპის დონეზე მტკიცე რეაგირება მკაცრი სანქციებით, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც ენერგეტიკაა“, – დაამატა გიბურჟე-ჩეტვერტინსკიმ.
გერმანია, ქვეყანა, რომელის ენერგოუსაფრთხოებაც განსაკუთრებით მოწყვლადია
ევროპის უდიდესი ეკონომიკის ძლიერ დამოკიდებულებას რუსული ენერგიის იმპორტზე, მისი მოკავშირეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, სტრატეგიულ რისკად აფასებს. გერმანია, ბოლო წამამდე იცავდა რუსეთის, როგორც სანდო მიმწოდებლის ღირსებას, თუმცა, უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებისკენ უბიძგა.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას „სრულიად ალოგიკური“ ქმედება უწოდა. ეკონომიკურ საქმეთა მინისტრის რობერტ ჰაბეკის აზრით კი, რუსულ ქვანახშირზე დამოკიდებულების შემცირება, ევროპაში განახლებადი ენერგიის საკითხს გააძლიერებს. რუსული წიაღისეული საწვავის მომხმარებლები ახლა უფრო მეტად მოტივირებულნი იქნებიან ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ენერგეტიკული სისტემაც ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება.
ჰაბეკის განცხადებით, ბოლო თვეებში, გერმანიის გაზის რეზერვების გასაძლიერებლად გატარებულმა ზომებმა, რომელსაც თან ქარის „სიუხვე“ დაერთო, ხელი შეუწყო მომხმარებლის დეფიციტის თავიდან აცილებას, მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეაჩერა დამატებითი მიწოდება და ენერგიის ფასები გაიზარდა. პირდაპირი ეფექტი ასე გამოიყურება: „რაც უფრო მეტი განახლებადი ენერგიაა ბაზარზე, ბუნებრივ აირზე მოწოდებაც მცირდება“. მიმდინარე სიტუაციამ კი შესაძლოა გერმანიასა და სრულიად ევროპაში განახლებად ენერგიაზე დაჩქარებულ გადასვლას შეუწყოს ხელი.
გერმანიისთვის დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურისთვის სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება გამოსავალი არაა, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირით სავსე ტანკერების მშენებლობას წლები სჭირდება. გერმანია კატარიდან მეტი თხევადი გაზის შემოტანას და უახლოეს მომავალში დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ევროპის სხვა ქვეყნებიდან გაზის შეძენას ცდილობს. თავის მხრივ, თხევადი გაზი ყველაზე სუფთა წიაღისეულ საწვავად მიიჩნევა.
გერმანიის მიზანი ამჟამად მზის ენერგიის ზრდის დაჩქარებაა როგორც ხმელეთის, ასევე საზღვაო პროექტებით. ხოლო ქვეყნების ნაწილი, გერმანიისგან განსხვავებით, გამოსავალს ბირთვულ ენერგიაშიც ხედავს. 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ბირთვული გენერაცია 6%-ით გაიზარდა და ევროპის ელექტროენერგიის გამომუშავებაში, 2014 წლის შემდგომ, ყველაზე დიდი წილი დაიკავა. თუმცა პრობლემაა, რომ ელექტროსადგურებმა სასიცოცხლო ციკლის დასასრულს მიაღწიეს, მათი აღდგენა ზედმეტად დიდ ხარჯთანაა დაკავშირებული, მოქმედების ვადა კი მხოლოდ 40 წლით განისაზღვრება.
წმინდა წყალბადის საწვავის იმპორტი კიდევ ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, ნაწილი ქვეყნების მიიჩნევს, რომ ევროპა შესაძლოა დაზარალდეს რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო კიდევ ათწლეულების განმავლობაში, თუ წყალბადის გარკვეულ მარშრუტს მიჰყვება. აღსანიშნავია, რომ ამ დროს რუსეთიც აძლიერებს წყალბადთან დაკავშირებულ გეგმებს და 2030 წლისთვის წყალბადის გლობალური ბაზრის 20%-ის დაკავება და წამყვანი ექსპორტიორობა სურს.
საბედნიეროდ, წყალბადის კიდევ ერთი პოტენციური მომწოდებელი ავსტრალიაა. უახლეს კვლევებზე დაყრდნობით, სამხრეთ ავსტრალიის მსოფლიო დონის განახლებადი ენერგიის რესურსები, როტერდამის პორტის გავლით, კონკურენტუნარიანი იქნება მაშინ, როდესაც საქმე ევროპისთვის სუფთა წყალბადის მიწოდებას შეეხება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პუტინის გრძელვადიანი გამდიდრების შეჩერება, მაშინ ინვესტიციები, რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით, განახლებად ენერგიაში უნდა განვახორციელოთ.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 10-პუნქტიანი გეგმა რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად
რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსაც (IEA) და 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს. გეგმაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს განხორციელებული ღონისძიებები უკვე საკმაოდ ეფექტურია რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის ერთი-მესამედით შესამცირებლად, ხოლო მოცემული დამატებითი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის მის ნახევრამდე შესამცირებლად, რაც, ყველაფერთან ერთად, ხელს შეუწყობს ემისიების შემცირებასაც.
გთავაზობთ ხსენებული პუნქტების ჩამონათვალს:
პუნქტი 1. ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რუსეთთან ახალი ხელშეკრულებებლის არ გაფორმება.
შედეგი: იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთთან უკვე გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებების ვადის ამოწურვის შედეგად გამონთავისუფლედება თანხები, რომელთა რუსული გაზისთვის გადახდა აღარ იქნება საჭირო, ან მინიმუმამდე შემცირდება, გაჩნდება საშუალებები მომწოდებლების დივერსიფიკაციისთვის.
პუნქტი 2. რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება.
შედეგი: არარუსული წყაროებიდან დამატებით დაახლოებით 30 მლრდ. კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება.
პუნქტი 3. ბაზრის მდგრადობის გაზრდის მიზნით, საცავებში ბუნებრივი აირის შენახვის სავალდებულო მინიმუმის განსაზღვრა.
შედეგი: აღნიშნული ქმედება გააძლიერებს სისტემის მდგრადობას, თუმცა, 2022 წლისთვის გაზსაცავების შევსების უფრო მაღალი ვალდებულება გაზრდის ბუნებრივ აირზე მოთხოვნას და შესაბამისად – ფასებსაც.
პუნქტი 4. ქარისა და მზის ახალი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების დაჩქარება.
შედეგი: ახალი განახლებადი ენერგიის პროექტებიდან მომდევნო წლის განმავლობაში, დამატებით 35 ტვტ/სთ გენერაციის მიღება იგეგმება, რაც ბუნებრივი აირის მოხმარებას 6 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს.
პუნქტი 5. ისეთი დაბალი ემისიების მქონე წყაროებიდან, როგორებიცაა ბიო და ბირთვული ენერგიები, გენერაციის მაქისმალურად გაზრდა.
შედეგი: დამატებითი 70 ტვტ/სთ ელექტროენერგიის გამომუშავება დაბალი ემისიების მქონე არსებული წყაროებიდან, რაც 13 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს ბუნებრივი აირის ელექტროენერგიის გენერაციისთვის გამოყენებას.
პუნქტი 6. მოწყვლადი მომხმარებლების ელექტროენერგიის ფასების ზრდის ზეგავლენისგან დაცვის მიზნით, მოკლევადიანი ღონისძიებების გატარება.
შედეგი: შეამცირებს ენერგიის გადასახადებს მომხმარებლებისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბუნებრივი აირის ფასები დარჩება მაღალი, რაც ხელმისაწვდომს გახდის 200 მილიარდამდე ევროს, მოწყვლად ჯგუფებზე უარყოფითი ზეგავლენის შესამსუბუქებლად.
პუნქტი 7. გაზზე მომუშავე საქვაბეების სითბური ტუმბოებით (თბოტუმბოებით) ჩანაცვლების დაჩქარება.
შედეგი: შეამცირებს გათბობისთვის ბუნებრივი აირის გამოყენებას წელიწადში დამატებით 2 მლრდ კუბური მეტრით.
პუნქტი 8. შენობებსა და წარმოებაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების დაჩქარება.
შედეგი: შეამცირებს გათბობისთვის ბუნებრივი აირის მოხმარებას წელიწადში დამატებით 2 მლრდ კუბური მეტრით, რაც, თვის მხრივ, შეამცირებს ენერგიაზე გადასახადებს, გაზრდის კომფორტს და ხელს შეუწყობს
სამრეწველო კონკურენტუნარიანობას.
პუნქტი 9. მომხმარებლების წახალისება თერმოსტატების დროებით რეგულირების კუთხით.
შედეგი: შენობების გათბობის ტემპერატურის 1°C-ით დაწევა ბუნებრივ აირზე მოთხოვნას წელიწადში დაახლოებით 10 მლრდ კუბური მეტრით შეამცირებს.
პუნქტი 10. წყაროების დივერსიფიკაციისა და დეკარბონიზაციისთვის ენერგოსისტემის მოქნილობის მაქსიმალურად გაძლიერება.
შედეგი: ინოვაციებზე მოკლევადიანმა მნიშვნელოვანმა წახალისებებმა დროთა განმავლობაში შესაძლოა შეასუსტოს ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ევროპის ელექტროენერგიის უსაფრთხოებას შორის ძლიერი ურთიერთკავშირი.
გარდა ამისა, რეალურ დროში ელექტროენერგიის საფასო სიგნალების განსაზღვრას შეუძლიათ მოთხოვნების მოქნილობის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს ძვირადღირებულ და გაზის ინტენსიური მიწოდების საჭიროების მქონე პიკურ პერიოდებს.
დასკვნა: საჭიროა მწვანე შეთანხმებისადმი გეოპოლიტიკური მიდგომა
უკრაინაში დამანგრეველი ომის შედეგად, ევროკავშირი ახლა მძიმე ფასს იხდის რუსეთზე გადაჭარბებული ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო. უკრაინის მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერა უნდა შეესაბამებოდეს რუსეთთან ენერგეტიკული კავშირების საბოლოო გაწყვეტას.
გეოპოლიტიკურ ევროკავშირს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, სანამ ის არ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკული უსაფრთხოებას კლიმატის მიზნებთან თავსებადი ფორმით. მარტივი პასუხები არ არსებობს და მოკლევადიანი და დროებითი გადახრა კლმატის მიზნებიდან უნდა იქნას მიღებული ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრუქტურული გადაწყვეტილების პოვნის ინტერესებიდან გამომდინარე. საბედნიეროდ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროპის მწვანე შეთანხმების მიზნები ემთხვევა ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული ტრანზიციის დაჩქარების სტრატეგია გამართლებულია. კლიმატის მიმართ ნეიტრალური ევროპა მაინც არ იქნება ენერგო დამოუკიდებელი. ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, კლიმატისა და განვითარების საკითხებში, თუმცა მაქსიმალურად შეამციროს ერთი რომელიმე ქვეყანის ენერგო და სხვა რესურსებსა თუ პროდუქტებზე დამოკიდებულება.
ნინო სამადაშვილი, energynews.ge
სტატია შეიქმნა ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით