ენერგეტიკა
11/07/2023

CFD კონტრაქტებში ბაზრის ფასის ალტერნატივად, ესკოს ფასი იქნება შეთავაზებული

CFD კონტრაქტებში ბაზრის ფასის ალტერნატივად ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის - ესკოს ფასი იქნება შეთავაზებული.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მთავრობა სავარაუდოდ, ცვლილებებს შეიტანს დადგენილებაში. მისი განმარტებით, თუკი აქამდე CFD კონტრაქტებში ფასწარმოქმნა ბაზარზე და ბირჟაზე იყო დამოკიდებული, ბაზრის გახსნის გადავადების შემდეგ, ალტერნატივად, საბალანსო ბაზრის ფასი იქნება შეთავაზებული.

„ახლა ვმუშაობთ ამ ცვლილებაზე დადგენილებაში. საბალანსო ბაზრის ფასი იქნება CFD კონტრაქტის განმსაზღვრელი, ანუ ესკოს საბალანსო ბაზრის ფასწარმოქმნა იქნება აღებული CFD კონტრაქტის ფასად“ - ამბობს რომეო მიქაუტაძე.

CFD მექანიზმით ეკონომიკის სამინისტრომ პირველი აუქციონი უკვე ჩაატარა.

CFD ფასთაშორისი სხვაობის დაბრუნების მოდელია. ამ მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ენერგოკომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

ბაზრის გახსნის და ბირჟის ამოქმედების გადავადების შემდეგ, თავისუფალი ბაზრის ფასი ვერ დადგინდება. ამიტომ, ბირჟის გახსნამდე მთავრობა ალტერნატივებზე ფიქრობს, თუ რა ფასი შესთავაზოს ინვესტორებს CFD კონტრაქტებში.

energynews.ge

Businesspartner