"CFD ხელშეკრულებებში ბიზნესისთვის პრობლემად უბალანსობების საკითხი რჩება"
CFD ხელშეკრულებებში ბიზნესისთვის პრობლემად რჩება უბალანსობების საკითხი,“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Helios Energy Georgia-ს დამფუძნებლმა განუცხადა.
თორნიკე დარჯანიას თქმით, მზისა და ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება დამოკიდებულია ამინდზე. შესაბამისად, რთულია წინასწარ გათვალო, რა მოცულობების მიწოდებას შეძლებს სადგური სისტემისთვის.
„ვიცით, რომ მზისა და ქარის ელექტროსადგურის და მათ შორის ჩამოდინებაზე ჰესების გამომუშავება დამოკიდებულია ამინდზე, შეიძლება გამომუშავება რაღაც მომენტში გაიზარდოს ან შემცირდეს. ამის გამო კი გვქონდეს უბალანსობები.
უბალანსობების რისკი CFD მოდელით არის აბსოლუტურად ბიზნესზე, კომპანიაზე რომელიც სადგურს უწევს ოპერირებას და მინდა ვთქვა, რომ ეს ტვირთი საკმაოდ დიდია.
ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს უბალანსობის შემთხვევაში სადგურმა. ეს კითხვა კვლავ აქტუალურია. მაგალითად, დღით ადრე ბაზარზე, ჩვენ უნდა ვთქვათ, მეორე დღეს რამდენს გამოიმუშავებს ელექტროსადგური, მაგრამ ჩვენ შეიძლება წინასწარ განსაზღვრულზე ნაკლები ან მეტი გამოვიმუშავოთ, იმისდა მიხედვით თუ როგორი ამინდი იქნება.
ძალიან მარტივად რომ ავხსნა, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ 100 ერთეულს გამოვიმუშავებთ, მაგრამ რეალურად შევძელით 90 ერთეულის გამომუშავება, 10 ერთეულის შოვნა მოუწევს სისტემას, რომ ეს უბალანსობა დააბალანსოს. შესაბამისად, ამ დეფიციტის აღმოსაფხვრელად შესაძლოა, სისტემას მოუწიოს ელექტროენერგიის იმპორტი და მასში მაღალი თანხის გადახდა. ეს ფინანსური ზიანი კი უნდა იქნას დაფარული და ეს ტვირთი ამ ეტაპზე ბიზნესზეა.“-განმარტა თორნიკე დარჯანიამ.
მისივე თქმით, ამ საკითხზე კერძო სექტორმა ეკონომიკის სამინისტროსთან შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება.
„მივიღეთ პასუხი, რომ მიდის მუშაობა რაიმე მისაღებ მოდელზე. თუმცა ყველა სხვა ქვეყანაში დაახლოებით ასე მუშაოებს ეს სისტემა და უბალანსობაზე პასუხისმგებელი ბიზნესია, მაგრამ იქ განვითარებული ბირჟა და ელექტროენერგიის ბაზარია.
ჩვენ კი ვიმყოფებით საწყს ეტაპზე და ამ პირობებში რაღაც გარდამავალი პერიოდის არსებობა მისაღები იქნებოდა. ეკონომიკის სამინისტროსგან მივიღეთ დაპირება, რომ გარკვეული პერიოდი ეს უბალანსობის პასუხისმგებლობა შესაძლოა, გადატანილი იყოს სახელმწიფოზე. დაწესდეს საშეღავათო პერიოდი. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი ისევ კერძო სექტორს დაუბრუნდეს რისკი. ადრე თუ გვიან, ამ რისკის აღება აუცილებლად მოგვიწევს, ამის გარეშე თავისუფალი ბირჟის არსებობა შეუძლებელია,"-განმარტა თორნიკე დარჯანიამ.