CFD აუქციონის სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა
ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის CFD აუქციონის კომისიამ სამივე ტიპის ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფები განისაზღვრა.
ეკონომიკის სამინისტროში "ბიზნესი რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ტარიფი ჰიდროელექტროსადგურებისთვის - 6,85 ცენტით, ქარის ელექტროსადგურებისთვის - 6,82 ცენტით, მზის ელექტროსადგურებისთვის - 6,37 ცენტით განისაზღვრა.
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციაში პოზიტიურად აფასებენ ფაქტს, რომ ტარიფი 6 ცენტზე მაღალი იქნება. საინტერესოა ისიც, რომ ფასი ყველაზე მაღალია ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში, ყველაზე დაბალი კი მზის სადგურების.
ასოციაცია საპირისპირო შედეგებს ელოდებოდა. რადგან, მათი შეფასებით, უფრო მეტი სტიმულირება და ხელშეწყობა სწორედ მზის ელექტროსადგურების მიმართულებას სჭირდება. თუმცა, ასოციაციაში განმარტავენ, რომ ჰიდროსადგურების მაღალი ტარიფი უფრო რეალისტურს ხდის იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც აუქციონის შედეგად შეირჩა.
შეგახსენებთ,ელექტროენერგიის წარმოების სიმძლვრის პირველ აუქციონში 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა. განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის 18:00 საათზე დასრულდა. სიმძლავრის აუქციონში წარმოდგენილი იქნა 78 განაცხადი დალუქული კონვერტების მეშვეობით.
აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან იყო ძალიან მაღალი, ვინაიდან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე).
აუქციონის კომისიამ, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლები შედიან, განიხილა და შეისწავლა დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მასალები და განაცხადები. კომისიამ დაადგინა მედიანური ტარიფი თითოეული ტიპის ელექტროსადგურისთვის (ჰიდრო, ქარი და მზე) და სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ შერჩეულ იქნა ის განაცხადები, რომელთა შემოთავაზებული ტარიფიც მოხვდა მედიანური ტარიფის ქვეშ და გამოაცხადა გამარჯვებული ელექტროსადგურები.