ენერგეტიკა
23/10/2023

"ბაზრის გახსნისთვის მნიშვნელოვანია ფასების კონფიგურაცია და უფრო სტაბილური გარემო პირობების არსებობა"

ბაზრის გახსნისთვის მნიშვნელოვანია ფასების კონფიგურაცია და უფრო სტაბილური გარემო პირობების არსებობა - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს.

მისი თქმით, სწორედ ეს ფაქტორები მიიღო მხედველობაში მთავრობამ, როდესაც ბაზრის გახსნა და ბირჟის ამოქმედება 2024 წლის 1 ივლისამდე გადაიწია.

„თუ შევხედავთ დღეს რა მდგომარეობაა ზოგადად მსოფლიოში, ვნახავთ, რომ საკმაოდ დაძაბულია ვითარება და ენერგეტიკულ რესურსებზე დიდი მოთხოვნაა. ფასები არ არის სტაბილური ჩვენს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში და ზოგადად, მსოფლიოში. ამიტომ იმისთვის, რომ ყოველგვარი რისკი იყოს აცილებული გადასახადების გადამხდელებისთვის და მოსახლეობისთვის, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს არის პროცესი, რომელსაც ვაკვირდებით და თუ შევხედავთ, რომ პირობითად - იქნება კარგი, სწორი დრო და ნაკლები რისკი იმისთვის, რომ ბაზარი უმტკივნეულოდ გაიხსნას, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ფასების კონფიგურაცია და უფრო სტაბილური გარემო პირობების არსებობა“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

მისივე თქმით, სისტემა ტექნიკურად მზადაა გახსნისთვის, თუმცა, დაწყებულია საკანონმდებლო მუშაობა იმაზე, რომ ელექტროენერგეტიკის და გაზის სექტორი კონცეპტუალურად, ერთი ბირჟის ქვეშ ჩამოყალიბდეს და შეიქმნას „ელექტროენერგეტიკისა და გაზის ბირჟა“.

„მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომ ერთი ქოლგის ქვეშ ვიხილოთ ეს ორი ბირჟა, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს გარკვეულ საოპერაციო ხარჯებს და სხვა თანამდევ დანახარჯებს. იმ პლატფორმას, რომელიც უკვე შეძენილი აქვს სახელმწიფოს და რომლითაც ელექტროენერგეტიკის ბირჟის ე.წ. სოფტი მუშაობს - მიემატება გაზის პლატფორმა, რომელიც ერთიანობაში იგივე ფუნქციას შეასრულებს, იგივე ბირჟა იქნება და არა განცალკევებული სხვა სუბიექტი“ - ამბობს რომეო მიქაუტაძე.

რაც შეხება ე.წ. CFD კონტრაქტების ფასს, ბაზრის გახსნის გადავადების პირობებში, ესკოს საბალანსო ელექტროენერგიის ფასი იქნება შეთავაზებული CFD კონტრაქტის საპირწონედ.

„როდესაც ბირჟის გახსნა გადავავადეთ, კითხვა არსებობდა იმ კომპანიების მხრიდან, რომლებმაც აუქციონში გაიმარჯვეს და საწყისად ე.წ. CFD კონტრაქტის ფასად უნდა განსაზღვრულიყო ბირჟაზე წარმოქმნილი ფასი - ფასთაშორისი სხვაობით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბირჟის გახსნამ გადაიწია, იმისთვის რომ არიდებული იყოს რაღაც გარკვეული რისკები ან ხედვა საფინანსო ინსტიტუტებიდან და იმ ადამიანებისგან, რომლებმაც აუქციონში მიიღეს მონაწილეობა და ძალიან დიდი მოტივაციით ავითარებენ პროექტებს, ჩვენ ეს ფუნქცია გადმოგვაქვს ესკოს ქოლგის ქვეშ, რაც დაახლოებით იმავეს ნიშნავს - ანუ ის ფასი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბირჟაზე ფორმირებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დროს, ახლა იქნება უკვე ესკოს ქოლგის ქვეშ - საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, რაც თვის ჭრილში ერთხელ დგინდება, ზუსტად ეს ფასი იქნება აღებული CFD კონტრაქტის საპირწონედ“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

energynews.ge