ენერგეტიკა
24/04/2021

BAG-ში ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე იმსჯელეს

ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა იყო ძირითადი საკითხი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრებმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასა და საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორთან, ირინა მილორავასთან ერთად განიხილეს.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს ეტაპობრივ დერეგულირებასა და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ელექტრონულ პლატფორმაზე ორგანიზებას.

ამასთან, მიმოხილული იყო ბაზრის მოდელის ძირითადი ნიუანსები და მისი კონცეფცია, რომლის ფარგლებშიც საუბარი შეეხო საბთუმო და საცალო ბაზრის წესებზე, უბალანსობაზე პასუხისმგბელობაზე, განაწილებისა და კომერციული საქმიონობის გაყოფასა და საათობრივი ვაჭრობის ორგანიზებაზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, მსხვილი მომხმარებლების ვალდებულებებსა და შესაძლებლობაზე, მათ შორის, ნეტო აღრიცხვის არსებული მოდელის მსხვილი მომხმარებლების საჭიროებებზე მორგებაზე. ამ კუთხით აღინიშნა, რომ ნეტო აღრიცხვის მსხვილ მომხმარებლებზე გავრცელება, ერთის მხრივ, შეამსუბუქებს იმ ფინანსურ წნეხს, რაც ტარიფების ზრდის შემდეგ კომერციულ ოპერატორებს დააწვათ, ხოლო, მეორე მხრივ, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოში.

„ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც მიმართულია დერეგულირებისკენ, მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისთვის, ვინაიდან აღნიშნული რეფორმა ერთნაირად ეხება, როგორც ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემასა და განაწილებაში ჩართული კომპანიების, ასევე ყველა იმ საბოლოო მომხმარებლის, რომელთაც მოუწევთ მსხვილ მომხმარებლად დარეგისტრირება და ელექტროენერგიის ენერგეტიკულ ბირჟაზე შეძენა. ვფიქრობთ, რომ შეხვედრა საკმაოდ საინტერესო  და პროდუქტიული იყო, მათ შორის, შევთანხმდით ცალკეულ პრობლემურ საკითხებზე დიალოგის გაგრძელებაზე, რომელსაც სემკეთან და ენერგეტიკულ ბირჟასთან მომავალი კვირიდანვე დავიწყებთ“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

 

 

Businesspartner