ენერგეტიკა
04/05/2021

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას იწყებს, - 230 მვტ სიმძლავრის სადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოაწერა.

განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები.

energynews-ი წერს, რომ ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება.

ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის პირობით, ბაქოსა და აბშერონის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემაზეც, სადაც 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება.

როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და მასდარს (არაბთა გაერთიანებულ საემიროები) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მზის სადგური, რომელსაც მასდარი ააშენებს, ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით 75 კმ-ში მდებარეობს. სადგურის მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციები 100 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

Businesspartner