აფბა: გვაქვს ეჭვი, სსე-ს მიერ ინფორმაციის დამალვა კავშირშია კომპანიაში პროკურატურის შესვლასთან
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ეხმიანება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ (სსე) პროკურატურის შესვლის საკითხს და აცხადებს, რომ ეს ამბავი პირდაპირ არის დაკავშირებული სსე-ს მიერ ორგანიზაციისთვის ინფორმაციის დამალვასთან.
აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ პროკურატურაა შესული და იკვლევს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას. საგამოძიებო ქმედებების დაწყებაზე პროკურატურას თავად კომპანიის მენეჯმენტმა მიმართა. აღსანიშნავია, რომ პროკურატურის შესვლამდე რამდენიმე კვირით ადრე „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დაიწყო ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის ირგვლივ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესწავლა და აღნიშნულის ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისგან“ (სსე), საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად, გამოითხოვა ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ.
თუმცა, სსე-მ აფბას საჯარო ინფორმაცია დაუმალა და არ ჩათვალა თავი ვალდებულად, ორგანიზაციისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია დეტალურად მიაწოდებინა. მათი განცხადებით, სსე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და არ მოქმედებს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების ფარგლებში. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული ორგანოსთვის დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა. მათ მხოლოდ მოგვაწოდეს რამდენიმე ბმული, მათივე ვებგვერდიდან, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელი უნდა ყოფილიყო ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მოძიება. ეს გზა, ორგანიზაციის მიერ, ცხადია, მათთვის კითხებით მიმართვამდეც გავლილი იყო და რამდენადაც არსებული ინფორმაცია არასრულ პასუხებს გვაძლევდა ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე, ამიტომ გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ საუბარია საერთაშორისო პროექტებზე, რომელიც პირდაპირ პარლამენტის მიერ არის რატიცირებულია და საზოგადოებას ამ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებით, სსე-ს ეს გადაწყვეტილება და სულ მალე, იგივე საკითხზე პროკურატურის შესვლა, ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპანიაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საეჭვო გარიგებებს, იკვეთებოდეს კორუფიის ნიშნები და ამიტომაც დამალეს მათ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
აფბა მოუწოდებს პროკურატურას, მოხდეს საკითხის დეტალური შესწავლა და ნებისმიერი გადაცდომის, კორუფციის ნიშნებისა თუ საეჭვო გარიგებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობოს საზოგადოებას.
ამავდროულად, აფბა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ენერგეტისკის სექტრში არსებული გამჭვირვალობის პრობლემას და აცხადებს, რომ ამ კუთხით არსებული არასწორი პოლიტიკის გამო, გამოუსწორებელი ზიანი ადგება როგორც საკუთრივ ენერგოსექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური განვითარების პერსპექტივას. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და არსებულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხების გაცემის ერთადერთი ეფექტიანი გზა გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხის დაცვით არის შესაძლებელი“, - ნათქვამია აფბას განცხადებაში.