ეკონომიკა
26/10/2023

ზურაბ პოლოლიკაშვილი: ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება

"ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, ქვეყანაში ტურისტების ნაკადების შემოსვლას ხელს შეუწყობს,"- ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სულ რამდენიმე კვირაა, რაც ჩინეთის ბაზარი გაიხსნა და სტატისტიკურ მაჩვენებლებსა და შედეგებზე საუბარი რთულია. თუმცა, მოლოდინია, რომ ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

"მთელ მსოფლიოში 85%-ით, ხოლო ევროპის მასშტაბით, 90%-ითაა ტურისტების რაოდენობა აღდგენილი, რაც საქართველოშიც ამავე ტემპით მიმდინარეობს.

რაც შეეხება "აბრეშუმის გზის ფორუმს" ის უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ფორუმად ჩამოყალიბდა. ფორუმზე 50-ზე მეტი ქვეყანაა, თავისი დელეგაციით წარმოდგენილი, რაც მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს.

ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში პირველია და ვფიქრობ, არა უკანასკნელი,"-განაცხადა პოლოლიკაშვილი.

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი პროგნოზირებს, რომ საქართველო "აბრეშუმის გზის ფორუმში" მომავალ წელსაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" დღეს გაიხსნა. ღონისძიების გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგა.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით იმართება და მასში წელს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.