ეკონომიკა
31/05/2021

"ზამბარის ეფექტი" - ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა"

"ზამბარის ეფექტი" - ასე აფასებს პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აპრილში ეკონომიკის ზრდის 44.8%-იან მაჩვენებელს და აღნიშნავს, რომ „ასეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა ცალსახად მისასალმებელია“.

„იმედია სწრაფი და მასშტაბური ზრდის ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა სიმართლისთვის ისიც უნდა ითქვას რომ გასული წლის აპრილში გვქონდა -16.6%-იანი რეცესია, რის ფონზეც ზრდა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა, ანუ ეს არის "ზამბარის ეფექტი", ლოქდაუნით შეკუმშული ეკონომიკა შეზღუდვების შერბილების ფონზე მკვეთრად გაიშალა“, - წერს ირაკლი კოვზანაძე და აღნიშნავს, რომ „აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„ ეს უნდა იყოს დასაწყისი და წინ კიდევ ძალიან ბევრი ეკონომიკური გამოწვევა და ,,კოვიდგამოცანა" გვაქვს, რასაც პროფესიული ანალიზი და ბევრი შრომა სჭირდება“, - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, აპრილში საქართველოს ეკონომიკა რეკორდულად - 44.8%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% ია. 2019 წლის აპრილთან შედარებით კი, ზრდა 20%-ს აღემატება.