ეკონომიკა
07/10/2020

WB: საქართველოს ეკონომიკა წელს 6%-ით შემცირდება

მსოფლიო ბანკი საქართველოში 2020 წელს ეკონომიკის 6%-იან ვარდნას პროგნოზირებს.

ბანკის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ეკონომიკის მკვეთრი ვარდნა შენელდა ფისკალური მხარდაჭერით, კრედიტების სტაბილური ზრდით და ფულადი გზავნილების აღდგენით, თუმცა მიუხედავად ამისა, 2020 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 6%-ით შემცირდება.

ბანკი განმარტავს, რომ ეს ასახავს  პანდემიის დასაწყისში მობილობაზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს, სამუშაო ადგილების შემცირებას, ისევე როგორც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც პანდემიამდე საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ს შეადგენდა.

„საქართველოს ძალისხმევა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების დაძლევის მიმართ მტკიცეა და შესაძლებელი გახდა პანდემიამდე ეკონომიკის გონივრული მართვით, თუმცა გასაკეთებელი კვლავაც ბევრია სიღარიბის სავარაუდო ზრდაზე რეაგირების თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკი ჩართული იყო COVID-19-ის მიმართ საქართველოს მთავრობის საპასუხო ღონისძიებებში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების მხარდაჭერის კუთხით. და ახლაც, კერძო სექტორისთვის დაგეგმილი დახმარებითა და ბიუჯეტის მიზნობრივი მხარდაჭერით, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში“,  - განაცხადა   მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში  სებასტიან მოლინეუსმა.

 

Businesspartner