WB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ ჯერჯერობით მდგრადობას ავლენს.
სწორედ ამიტომ, WB საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5.5%-მდე ზრდის. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ მდგრადობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული როლი ტურიზმის სექტორმა ითამაშა.
"ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5 -5.5%-იანი ზრდის მაჩვენებლით. ინფლაციის წნეხი იზრდება. მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის ზრდის 74% გამოწვეულია სურსათზე და საწვავზე ფასების მატებით. საბაზისო პროგნოზთან დაკავშირებული რისკები მაღალ დონეზე რჩება, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია: უკრაინაში ომის შემდგომი ესკალაცია ან გაჭიანურება და სანქციების ნებისმიერი მეორადი ეფექტი; ინფლაციის წნეხის ზრდა, რაც ხელს უშლის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას და COVID-19 -ის პანდემია, განსაკუთრებით ახალი ვარიანტების და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის კონტექსტში",- ნათქვამია მიმოხილვაში.