ეკონომიკა
19/02/2021

ვიქტორ ყიფიანი: ხელისუფლებას არ უნდა გამორჩეს ადამიანი თავისი გასაჭირითა თუ ყოველდღიურობით

ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ახალი მთავრობისგან ახლებურ მიდგომებს ელის და იმედოვნებს, რომ მომავალი თაობების ინტერესების ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. "მომავალზე ზრუნვა, ჩვენს დროში, დღეიდან უნდა იწყებოდეს" - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

მისივე თქმით, მთავრობა ამას შეძლებს იმდენად, რამდენადაც მას ამის შესაძლებლობას ქვეყნის შიდა ვითარება შეუქმნის.

როგორც ყიფიანი აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე საუბრისას აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მიმდინარე პრობლემების მოგვარების ყველაზე ეფექტიანი გზა რეალური, შინაარსობრივი და ხანგრძლივი ეფექტის მქონე რეფორმების გატარებაა.

"სწორედ რომ მიმდინარე და სამომავლო დღის წესრიგის სწორი შეხამება და მათი სინქრონი მოგვცემს პრაქტიკულ შედეგს. ამასთანავე, ეკონომიკური და სოციალური სფეროს რეფორმირების გადაუდებლობამ, ისევე როგორც ასეთი ცვლილებების სისტემურობისა და თანმიმდევრობისადმი მოლოდინმა უნებლიედ ქვეყნის მოსახლეობის საჭირბოროტო დღევანდელობა არ უნდა დატოვოს სათანადო ყურადღებისა და რესურსის გარეშე. ამდენად, ამოცანა ძალზე რთულია, მაგრამ მას ვერსად გავექცევით: საკუთარ მისახლებაზე ყოველდღიური ზრუნვის კვალდაკვალ, ჩვენი ქვეყანა შესაძლებლად სწრაფი ტემპით მოდერნიზებასა და განვითარებას ელის. ამის მოლოდინშია არა მხოლოდ ჩვენი ან ჩვენს მერე თაობა. ეს მომავალ თაობებსაც პირდაპირ უკავშირდება, რომელთა ინტერესებზე ზრუნვა უკვე დღეიდან უნდა იწყებოდეს.

რამდენად შეძლებს ახალი მთავრობა აღნიშნული სტანდარტით საქმიანობას? შეძლებს იმდენად, რამდენადაც მას ამის შესაძლებლობას ქვეყნის შიდა ვითარება შეუქმნის; რამდენადაც ხელშემწყობი იქნება ზოგადად მსოფლიო საინვესტიციო და სავაჭრო დინამიკა; ისევე როგორც რეგიონალური გეოპოლიტიკური კონიუქტურა, ხოლო, მასთან ერთად ქართული საზოგადოების პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო შეგნების დონე აწმყოსა და მომავლის წინაშე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ დიდ სურათში კი, აღმასრულებელ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამორჩეს ადამიანი, მისი კონკრეტული გასაჭირითა თუ ყოველდღიურობით. იმედს ვიტოვებ, რომ ის ხელწერა, რაც ამ თვალსაზრისით ბოლო წლების მთავრობებს გამოარჩევდა, ამჯერად პრემიერ ღარიბაშვილის თაოსნობით ახალი სამთავრობო გუნდის გამორჩეულ თვისებად დაგვამახსოვრებს თავს", - განმარტავს ვიქტორ ყიფიანი.