ეკონომიკა
23/03/2022

"ვაქციოთ შესაძლებლობა მონაპოვრად" - სანქციები რუსეთისთვის ქართულ პორტებს ახალ შანსს აძლევს

უკრაინა პარტნიორი ქვეყნაა და ჩვენი პირდაპირი ინტერესია დასტაბილურდეს მდგომარეობა, აღდგეს საპორტო ოპერაციები, -  Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში ირაკლი დანელია მიიჩნევს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოსთვის აჩენს შესაძლებლობებს, თუკი სათანადოდ გამოიყენებს.

გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ის აღნიშნავს, რომ შეგვიძლია გამოვყოთ ორი მიმართულება, ერთი ეს არის ახალი აბრეშუმის გზის, ე.წ. შუა კორიდორის განვითარება და მეორე - ცენტრალური აზიის ტვირთების სწრაფი გადმოსროლის მექანიზმის არსებობა.

"როდესაც საუბარი გვაქვს შუა კორიდორის განვითარებაზე, ცხადია, პერსპექტივები ყოველთვის იკვეთებოდა და ინტერესიც ყოველთვის იყო, თუმცა ეს შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება იქცეს ისეთ მონაპოვრად, რომელიც საუკუნეებში ერთხელ ქონდეს ქვეყანას. სანქციების შემდეგ, იმისათვის, რომ ინტერკონტინენტული გადაზიდვა არსებობდეს ევრაზიულ კონტინენტზე, ერთადერთი შესაძლებლობა სწორედ ჩვენი კორიდორია და საქართველო-აზერბაიჯანის მონაკვეთი არის კვანძის შემკვრელ პოზიციაში. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოხდეს ჩინური ტვირთების გადმომისამართება ჩვენს კორიდორზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის იმ შესაძლებლობების უტილიზაციას, რომელიც აქამდე არც იყო გამოყენებული.

რაც შეეხება ცენტრალური აზიის ქვეყნებს, მათთვის უმთავრეს სატრანზიტო კორიდორს რუსეთი ქმნიდა. საერთაშორისო სანქციები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა ის ნაკადი, რომელიც რუსული პორტების მეშვეობით ექსპორტის ან იმპორტის სახით მიდიოდა ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სრულად გადმოვა ჩვენი მიმართულებით, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის," - აღნიშნავს, ირაკლი დანელია.

მისივე განცხადებით, იმისათვის რომ კორიდორმა წარმატებით იფუნქციონიროს რამდენიმე დეტერმინანტის დაკმაყოფილებაა საჭირო. ესენია: სატარიფო დეტერმინანტი, საოპერაციო, სახელშეკრულებო, საკანონმდებლო დეტერმინანტი, ამას თან ახლავს კომერციალიზაციის კოორდინირების მაღალი დონე.

"ცხადია, სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სასტარტო პოზიცია გაგვაჩნია ჩვენც და წევრი სახელმწიფოების მხარეებსაც. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ კორიდორში იგულისხმება ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა და დანარჩენი ევროპა. თუმცა, არსებობს სხვა ალტერნატივები საქართველოს გეოგრაფიიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ამის ორგანიზება გავაკეთოთ რუმინეთის, ბულგარეთის მეშვეობით. შესაბამისად, ეს ორმაგი შესაძლებლობაა- გაიზარდოს პორტების დატვირთვა როგორც ქართულ, ასევე რუმინეთი-ბულგარეთის ნაწილში, ამასთან შეიქმნას მულტიმოდალური გადაზიდვა.

ამ შესაძლებლობისთვის მზად უნდა ვიყოთ. რეალურად, იმ ტვირთნაკადების სრულად დაკმაყოფილებას, რომლის მოლოდინიც გვაქვს, ვერ შევძლებთ, რადგან ეს კორიდორი არ არის იმდენად გამტარუნარიანი თავისი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით და თუნდაც მასში არსებული ოპერაციული პირობებით. ამიტომ ამაზე მუშაობაა საჭირო", - აღნიშნავს Maersk-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი შავი ზღვის რეგიონში.