ეკონომიკა
04/01/2021

ვახტანგ ბუცხრიკიძე: ვცდილობთ სესხები გავცეთ და ეკონომიკის გამოღვიძებას ხელი შევუწყოთ

2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ მძიმე იქნება და კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის ქმედებები, - მიიჩნევს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი.

„აუცილებელი იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და თანხების კიდევ უფრო სწრაფად ინვესტირება, რადგანაც ეს ირიბად ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ აუცილებელია სოციალური პროგრამების გაგრძელება, რაც დაწყებულია 2020 წელს და მესამე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელთან შენარჩუნება და ასევე მნიშვნელოვანია ლარის გაცვლითი კურსი რა დიაპაზონში იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხიკიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

თიბისი ბანკის CEO ვითარების დასტაბილურებას 2021 წლის მეორე ნახევარში ელის.

„იმედი გვაქვს, რომ წლის მეორე ნახევრიდან ტურიზმი გაცოცხლდება, შემოდინებები იქნება ქვეყანაში და ქართული ეკონომიკაც ზრდას დაიწყებს“, - პროგნოზირებს ბანკირი.

ქართული საბანკო სექტორი პანდემიას შეიძლება ითქვას, მომზადებული შეხვდა. საკმაოდ დიდმა ბუფერებმა სექტორს შესაძლებლობა მისცა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შეექმნათ და დამატებითი დაფინანსებაც მოეზიდათ.

„ვცდილობთ, გავაქტიურდეთ სესხების გაცემის კუთხით, რაც ირიბად ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკის გამოღვიძებას ხელი შევუწყოთ“, - აღნიშნავს ვახტანგ ბუცხრიკიძე.