ეკონომიკა
28/09/2023

"უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა არის რუსეთის გადაწყვეტილება, ჩვენი მთავრობის სახელით არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა"

ლავროვმა დღეს რაც თქვა, არის ფაქტის კონსტანტაცია. უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა არის რუსეთის გადაწყვეტილება, რასაც ჩვენ დავეთანხმეთ, ამ შეთანხმებაზეა საუბარი, ამაში რა სკანდალი ნახეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც სერგეი ლავროვმა აღნიშნა: „ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ დაეთანხმა რუსეთის გადაწყვეტილებას და გაფორმდა შეთანხმება, მთავრობის სახელით კი არავითარი მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივად არის საქმე, მაგას პატარა ბავშვი მიხვდება. მანამდე, გაგახსენებთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს ერთი. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო, ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა არის ამაში გაუგებარი, რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ. მანამდე, თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს იყო მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, ეს არის დადასტურება იმის, ფაქტის, რომ შეთანხმება მოხდა მთავრობასთან. ჩვენ ეს ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და უვიზო რეჟიმს დაუწესებს ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ კარგი ნაბიჯია, რადგან რაც წაადგება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, კარგია. ეს ჩუმად, ფარულად არ გაგვიკეთებია. ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და გავაფორმეთ შეთანხმება. ვთქვით, რომ მხოლოდ არანსაქცირებული კომპანიები, არასანქცირებული თვითმფრინავები და კომპანიები იფრენენ. არავითარი მოლაპარაკება. არავითარი მოლაპარაკებები მთავრობის სახელით არ გამართულა. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის შემდეგ ჩვენმა მთავრობამ დაამოწმა და მოიწონა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სახელით არავის გაუმართავს ფორმალური მოლაპარაკება ამ საკითხებზე.

„ეს იყო რუსეთის გადაწყვეტილება, მგონი, აქ კითხვები ამოწურულია. ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ბევრი ქართველია, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა, არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეებიც. მათ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ბიზნესსაქმიანობა აქვთ, პირდაპირი მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ ადგილზე. დაინტერესებულები იყვნენ, რომ აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი. ჩვენც ვიყავით დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი, იაფი, ეკონომიური იქნება, კარგია. ეს ჩვენ არ დაგვიმალავს. ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს, ამაში არის ჩვენი სიძლიერე“, – განაცხადა პრემიერმა.

1tv.ge

Businesspartner