უმუშევრობის დონე 1.4%-ული პუნქტით 19%-მდე შემცირდა
საქართველოში უმუშევრობის დონე მცირედ, 1.4%-ული პუნქტით შემცირდა და საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის IV კვარტალში 19% შეადგინა.
სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ული პუნქტით მეტია, დასაქმების დონე გაზრდილია 1.7%-ული პუნქტით და 41.5%-ს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3 %-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 3.1%-ული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.9%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.7%-ული პუნქტით.
2021 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6%-ს შეადგენდა, რაც 0.4%-ული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2021 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 2.1%-ული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.2%-ული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.0%-ული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.7%-ული პუნქტით.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9%-ს, ხოლო კაცებში 63.1%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 1.4%-ული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1%-ული პუნქტით.
2021 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.5 და 1.9%-ული პუნქტით.