ეკონომიკა
01/03/2022

უკრაინა-რუსეთის ომის გავლენა საქართველოზე – Galt&Taggart–ის ორი სცენარი

Galt&Taggart–მა საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა და მოსალოდნელი სცენარები დაასახელა.

Galt&Taggart–ის პირველი სცენარი, უკრაინა-რუსეთის ომის 1–2 თვეში დასრულებას გულისხმობს, რა შემთხვევაშიც 2022 წელს მშპ-ს 3%-იანი ზრდა და ინფლაციის 7%-იანი მაჩვენებელია მოსალოდნელი. Galt&Taggart–ის პროგნოზით, 1$ 3.25 ლარის ფარგლებში იქნება, ასევე მოსალოდნელია ტურიზმს 75%-ით აღდგენა, რაც საბაზო სცენარში 85%–ს ითვალისწინებდა.

მეორე სცენარი, ანუ რუსეთ-უკრაინის ომის გაჭიანურებული გადაწყვეტა და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება.

ამ შემთხვევაში Galt&Taggart საქართველოს ეკონომიკის 1%-ით შემცირებას და ინფლაციის 9%–მდე ზრდას ელის. ასევე, ამ სცენარით დოლარის გაცვლითი კურსი 3.4 ლარიან ნიშნულს მიაღწევს. რაც შეეხება ტურიზმს, თავდაპირველ პროგნოზში ნავარაუდევი 85%-იანი აღდგენის ნაცვლად, აღდგენა 60%-ზე დაბალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებულმა ექსპორტის, ფულადი გზავნილების, ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსავლებმა, მთლიანი შიდა პროდუქტის 9.6% შეადგინა.

მთავარი უარყოფითი გავლენა სწორედ ამ ქვეყნებში ექსპორტის შემცირებით არის მოსალოდნელი, რასაც მოჰყვება უარყოფითი გავლენა ტურიზმზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წილი ფულად გზავნილებში მნიშვნელოვნად შემცირდა ბოლო წლებში.

ასევე ფინანსური კავშირები ძალიან შეზღუდულია და საქართველოში მხოლოდ 1 ბანკია (VTB), რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული.