თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ
„ამ ხელშეკრულების ხელმოწერით და ჩვენი აქტიური მუშაობით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოსტკოვიდ პერიოდში, როდესაც გვჭირდება აქტიური ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი იაპონელი ინვესტორი დავაინტერესოთ, შემოვიყვანოთ ჩვენთან სხვადასხვა დარგში და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ.
მინისტრის განცხადებით, შეთანხმება მოწოდებულია, უფრო მეტად გაამყაროს საქართველოში იაპონიიდან ინვესტიციების შემოსვლის საფუძველი. „შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მას შემდეგ ძალიან აქტიურად იმუშავა როგორც ჩვენმა სამინისტრომ, ასევე ჩვენმა კოლეგებმა საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროებიდან. შედგა მოლაპარაკების ექვსამდე რაუნდი და საბოლოოო ჯამში, ეს პროცესი ხელმოწერით დასრულდა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, იაპონია საქართველოს ძალიან მნიშნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია. მისი თქმით, საქართველოში ბოლო 10 წელში 150 მილიონზე მეტი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა. „ეს ვერ ასახავს რეალურ პოტენციალს, რომელიც გაცილებით უფრო მაღალია. ასევე ძალიან ბევრია ტექნიკური დახმარების პროგრამები, რაც იაპონიის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბოლო ერთ წელიწადში, პანდემიის მიუხედავად, ისეთი მსხვილი იაპონური ინვესტიცია განხორციელდა, როგორიც არის საქართველოში იაპონური გიგანტი კორპორაციის „ტეპკოს“ შემოსვლა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიცია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.