ეკონომიკა
04/08/2021

თურნავა: ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” აცხადებს, რომ ყოველ წამს უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩრდილი არ მიადგეს საინვესტიციო გარემოს და რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ყოფნა, თვითკმაყოფილების საშუალებას არ გვაძლევს. 

“გამოწვევები დიდია, თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარება. ვინც დღეს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარედან ინსპირირებული, რაიმე ზიანს მიაყენებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის ის არის ქვეყნის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის მტერი. რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდებით ტურიზმს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკის აღდგენისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონებისთვის ვიყოთ გახსნილი და მიმზიდველი, რასაც ასევე უნდა გავუფრთხილდეთ. ამისთვის სრულიად მთავრობა მობილიზებული მოტივირებულია," - აღნიშნავს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, ევროპული ტიპის რეფორმები, რომელიც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკით, კვლავაც გაგრძელდება და ამას 10 წლიან გეგმაში მთელი სექცია ეძღვნება.

“ის ფაქტი, რომ მთავრობამ ამ დონის დეტალიზაციით შეადგინა 10 წლიანი გეგმა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია იმისა, რომ ამ პერიოდში განვითარება გვესახება, როგორც მშვიდობიანი, პოზიტიური, აღმავალი გზა, რადგან გვაქვს პოლიტიკური განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანაზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ვითარდება არა მარტო საკუთარი რესურსით, არამედ მოზიდული ინვესტიციებით. სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება არა მხოლოდ ფული, ასევე დასავლური კულტურა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რა რეგულაციები დახვდებათ საქართველოში, ეს იქნება ევროპული ტიპის რეგულაციები, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ," - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრი.