ეკონომიკა
11/09/2020

თურნავა ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგზე: ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ

ნათია თურნავა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ 2020 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიციის ერთი საფეხურით გაუმჯობესებას ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს უკავშირებს.

„საქართველო ბოლო პერიოდში ყოველთვის ლიდერი ქვეყნების ტოპ-ათეულშია. წელს ჩვენ ძალიან ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანას ვუსწრებთ, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, პოსტსაბჭოთა სივრცეში პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელისუფლებო გუნდის რეფორმების დამსახურებაა,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-8 პოზიცია დაიკავა. „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა 8.18-ით განისაზღვრა. 

რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა გაიუმჯობესა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და მყარი ვალუტა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა და სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

Businesspartner