ეკონომიკა
20/08/2021

თურნავა: ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები უმუშევრობის დონის შემცირებაზე მომდევნო თვეებში აისახება

„2021 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც შარშან დაკარგეს სამსახური, სტატისტიკურად უმუშევართა სტატისტიკაში მომდევნო პერიოდში აისახნენ. ეს გარემოება, დიდწილად ხსნის მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის ზრდას" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შეზღუდვების ფონზე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდა გლობალური პრობლემაა და შესაბამისად, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.

„ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, ასევე ის პოზიტიური ტენდენციები, რომლებიც ფიქსირდება ეკონომიკაში, უკვე მომდევნო თვეებში აისახება უმუშევრობის დონის მნიშვნელოვან შემცირებასა და დასაქმების ზრდაში. ცალსახად პოზიტიურია ის გარემოება, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში სამუშაო ძალის აქტიურობის დონე 50.3 პროცენტიდან 51.4 პროცენტამდე, ხოლო თავად სამუშაო ძალა 44.1 ათასით გაიზარდა" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, ეს ცალსახად უკავშირდება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის უპრეცენდენტოდ მაღალ - 30 პროცენტიანი ზრდას და იმ სახელმწიფო პროგრამებს, რომლებსაც სახელმწიფო აქტიურად ახორცილებს. მათ შორის, ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირების მიმართულებით. მინისტრის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა მომდევნო თვეებში პოზიტიურად აისახება დასაქმების ზრდასა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე.