ეკონომიკა
12/10/2020

"ტურიზმის აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, ქვეყანამ 7%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს"

ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2021 წლისთვის ეკონომიკის 5%-იან ზრდაში დარწმუნებულია.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ტურიზმის სექტორიდან დანაკლისი მთლიანად აისახება 2020 წელზე.

"შესაბამისად, ბაზის ეფექტიდან გამომდინარე, ვინაიდან წელს ტურიზმის დანაკლისი უკვე არის ქვეყანაში, ტურიზმის თუნდაც მცირე აღდგენა დამატებით პლუსებს გვაძლევს ეკონომიკურ ზრდაში, ანუ ტურიზმი, საერთოდ რომ არ აღდგეს, 2021 წელს დაახლოებით, 5%-იანი ზრდა გვექნება," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ საპარლამენტო ფრაქციების სხდომაზე სერგი კაპანაძის საპასუხოდ, რომელსაც არარეალისტურად მიაჩნია 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-ით ზრდა.

კაკაურიძემ აღნიშნა, რომ 2021 წლიდან ტურიზმის მნიშვნელოვნად აღდგენის შემდეგ, შესაძლებელია, ქვეყანამ მიაღწიოს 7%-იან ეკონომიკურ ზრდას.

„თუმცა, არსებობს რისკები, მათ შორის, მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარეობს მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ეკონომიკური ფორუმი და ვნახოთ რა პროგნოზი გამოქვეყნდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

Businesspartner