"თუ ჩინური კომპანიები ფილიალებს საქართველოში გახსნიან,მათ გადასახადების გადახდა ექსპორტის მიმართულებით არ მოუწევთ"
თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით,–ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პეკინში გამართულ ბიზნეს ფორუმზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ჩინეთში ბევრი რამის ექსპორტი შეუძლია და ახალი ერა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებში დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.
„ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს - ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში.
დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ.. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან.
მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს - ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს - საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმარუმლებით.. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.