ეკონომიკა
18/04/2023

"წყლის რესურსების კანონპროექტს მთელი რიგი ვალდებულებები შემოაქვს" -ნინო თანდილაშვილი

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

სასმელ წყალთან და სანიტარულ ობიექტებთან მოსახლეობის ხელმისაწვდომობა და  მომხმარებლებს შორის წყლის რესურსების სამართლიანი განაწილება – ეს ის საკითხებია, რომელთა შესრულებაც საქართველოს ევროკავშირის წყლის კანონმდებლობასთან სამართლებრივად დააახლოვებს. ამის შესახებ  საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო გადაცემა  „ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

მისი ინფორმაციით, არსებული კანონი წყლის რესურსების შესახებ მოძველებულია და  არ პასუხობს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებს.  ახალი კანონპროექტის მიზანია, პირველ რიგში დაუახლოვდეს ევროპულ მოთხოვნებს და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მდინარეებსა და ტბებში წყლის რესურსების სისუფთავე.

აღნიშნული, კანონპროექტი აქტიურად განიხილება ბიზნეს სექტორთან, ვინაიდან ისინიც წყლის რესურსების მნიშვნელოვანი მომხმარებლები არიან.

„წყლის რესურსების კანონპროექტს  მთელი რიგი ვალდებულებები შემოაქვს, როგორიცაა წყლის აღების ნებართვის მიღება, ასევე შესაბამისი ნებართვების გაცემა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. როდესაც ბიზნეს ოპერატორი წყალს მოიხმარს, თავისი საქმიანობის შემდგომ გაწმენდილი წყალი უკან უნდა დააბრუნოს იმ ობიექტში, საიდანაც წყალი აიღო. აქაც შესაბამისი ნორმები, წესები და სტანდარტები უნდა დაწესდეს.“ -აცხადებს თანდილაშვილი.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, წყლის რესურსების ახალი კანონმდებლობა დაფუძნებულია სააუზო მართვის პრინციპებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება წყლის რესურსების პრიორიტეტიზაცია, თუ ვინ უნდა იყოს პრიორიტეტში წყლის მოხმარების თვალსაზრისით და სწორედ ამის საფუძველზე მოხდება შემდგომში წყალგანაწილება იმისათვის, რომ  თავიდან იქნეს არიდებული წყლის რესურსების არამიზნობრივი გამოყენება და შემდგომში დეფიციტი.

როგორც ცნობილია, საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება. ეს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული. რეფორმა არაერთ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და  ვალდებულებებს უწესებს. 

რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი (ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში) რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან (GWP) ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.

 წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება.

Businesspartner