ეკონომიკა
28/03/2023

"წყლის რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტებს წყლის რესურსების მართვაში დიდი როლი ექნება“

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

საქართველოს წყლის რესურსების დაცვის და მისი მართვის გაუმჯობესებისთვის ახალი კანონმდებლობა ექნება. ეს კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის განპირობებული.

რეფორმა არაერთ საკითხს მოიცავს და ის ბიზნესებსა და სახელმწიფოს ახალ მოთხოვნებსა და  ვალდებულებებს უწესებს. 

რეფორმას მხარს უჭერს USAID-ი, რომელმაც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან (GWP) ამ საკითხზე მემორანდუმი გააფორმა.

USAID-ის მიერ მხარდაჭერილი წყლის რესურსების მართვის რეფორმა ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, გაზრდის უსაფრთხო და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობას და უზრუნველყოფს წყლის საიმედო მიწოდებას. ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას, შექმნის სამუშაო ადგილებს, მოიზიდავს ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.

როგორც წყლის რესურსების მართვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი,  ნატალია ბერუაშვილი გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  წყლის რეფორმის მიზანია, ეს რესურსი იყოს მაქსიმალურად ხელშემწყობი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-ის (GEO) ხელმძღვანელი ხათუნა გოგალაძე კი განმარტავს, რომ  საქართველო ნამდვილად მდიდარია წყლის რესურსებით, მათ შორის, მიწისქვეშა წყლებით. მისი თქმით, წყალი უმნიშვნელოვანესი რესურსია. აქედან გამომდინარე, მისი ხარისხობრივი და რაოდენობრივი მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

„სამწუხარო რეალობაა, რომ მიუხედავად ასეთი დიდი წყლის რესურსების პოტენციალისა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება,“-აცხადებს გოგალაძე.

მისი განმარტებით, წყლის რესურსების დღევანდელი მართვა შორს არის  ევროპული   და განვითარებული ქვეყნების გამოცდილებისაგან. აღნიშნული კანონი კი ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია  შესული.

„ეს დირექტივები არის პრაქტიკიდან გამომდინარე,  ამ დროისათვის მსოფლიოში ერთადერთი სწორი და გამართული პროცესი, რომელიც მოიცავს პირველ რიგში სააუზო მართვის პრინციპების შემოღებას, რაც გულისხმობს ქვეყნის მდინარის აუზებად დაყოფას და აუზის ქვეშ მოხდება წყლის რესურსების ისე მართვა, რომ ყველა წყალმომხმარებლის ინტერესი იყოს დაცული და არ მოხდეს წყლის რესურსების დეგრადაცია," -აღნიშნავს გოგალაძე.

ნატალია ბერუაშვილის ინფორმაციით, როდესაც სააუზო მართვის გეგმები შემუშავდება, მნიშვნელოვანია იმპლემენტაციის პროცესში,  ყველა დაინტერესებული მხარის სრული ჩართულობა.

როგორც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი  აცხადებს, გამოწვევები არსებობს.  განსაკუთრებით სამუშაოა მუნიციპალიტეტების დონეზე, ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტებს წყლის რესურსების მართვის პროცესში დიდი როლი ექნება.

 რაც შეეხება პრიორიტეტების ნაწილს, მთავარ პრიორიტეტად დარჩება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, თუმცა დანარჩენი პრიორიტეტების განსაზღვრას დასჭირდება სააუზო მართვის გეგმების ფარგლებში გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც საშუალებას იძლევა განსაზღვრო რა მოთხოვნებია, რა რესურსებს ფლობს რეგიონი და ეს რესურსები სამართლიანად გადაანაწილო.

გოგალაძის მტკიცებით,  წყალი  სტატუსების მიხედვით განისაზღვრება, ძალიან ცუდიდან ძალიან კარგამდე, რაც რეფორმისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება.

გარდა ამისა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით კანონში  წყალმოვარდნა-წყალდიდობების საკითხები შემოდის, რის თანახმადაც კანონი დაავალდებულებს მოსახლეობას, კრიზისულ სიტუაციაში კონკრეტულ ადგილებსა და კონკრეტულ სიტუაციებში გარკვეული გეგმა.

ბერუაშვილის ინფორმაციით, წყალმოვარდნა-წყალდიდობების საკითხი სააუზო მართვის გეგმის ნაწილია, შესაბამისად კრიზისების მართვის გეგმებში უნდა იყოს ჩადებული, რა რისკები შეიძლება იყოს გათვალისწინებული, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

მისი თქმით, მონიტორინგის სადგურების დანერგვა და ახლო მომავალში სხვა სადგურების ჩადგმა იგეგმება, რათა სამინისტრომ მაქსიმალური ინფორმაცია მოაგროვოს წყლის შესახებ.

შეგახსენებთ, წყლის რესურსების მართვის შესახებ ახალი კანონი საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დამტკიცდება.

Businesspartner