ეკონომიკა
02/07/2021

წყალტუბოს გენერალური გეგმა, სავარაუდოდ, სექტემბერში ექნება

წყალტუბოს გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, სექტემბერში ექნება. კონცეფციაზე მომუშავე, კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინის“ ხელმძღვანელი მიხეილ ბალიაშვილი „ბიზნესპარტნორთან“ განმარტავს, რომ კომპანიამ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა და დამკვეთს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.

„ეს არის სამუშაო ვერსია, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტი განიხიალვს, ის ან ჩაიბარებს ან შენიშვნებისთვის გადმოგვიგზავნის. თუ დოკუმენტი მათთვის მისაღებია, დაინიშნება საჯარო განხილვები. თუ ეს სამუშაო ვერსია, ხედვა და იდეა მისაღებია, ივლისის ბოლოსთვის დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს და დამტკიცდება,“ - აცხადებს ბალიაშვილი.

წყალტუბოს მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც დოკუმენტი საბოლოო ფორმას მიიღებს, საჯარო განხილვები დაიწყება. კონკრეტულ თარიღს მერის მოადგილე ვერ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნული დოკუმენტის შემდეგ დაიწყება წყალტუბოს რეაბილიტაციაც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კი „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადეს, რომ  საჯარო განხილვები სავარაუდოდ 20 აგვისტოდან დაიწყება. კურორტს კი გენერალური განაშენიანების გეგმა სავარაუდოდ, სექტემბერში ექნება.

გენგეგმით უნდა განისაზღვროს ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც კურორტს შეუნარჩუნებს უნიკალურ ფუნქციურ-გეგმარებით სტრუქტურას და ქალაქს ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან დაიცავს.

წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი შეწყდა, ვინაიდან როგორც სამინისტროში აცხადებდნენ,  მასში მონაწილე ერთადერთმა პრეტენდენტმა ვერ წარმოაჩინა კურორტის უნიკალური პოტენციალის შესაფერისი ხედვა.