ეკონომიკა
21/06/2021

წმინდა ექსპორტი საქართველოდან წლიურად 24.4%-ით გაიზარდა

ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან საექსპორტო ბაზრებზე 1.538 მლრდ დოლარის პროდუქცია გავიდა, რაც 24.4%-ით მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

წმინდა ექსპორტი რეექსპორტის გარეშე 26.6%-ით არის გაზრდილი და 1.123 მლრდ დოლარს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.7% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (250.0 მლნ დოლარი), რუსეთი (185.8 მლნ დოლარი) და თურქეთი (125.9 მლნ დოლარი).

2021 წლის იანვარ-მაისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 327.2 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 144.3 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.8%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 85 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6%).