ეკონომიკა
17/05/2022

ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიის მოლოდინში - რას მოიცავს დოკუმენტი

ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიაზე მუშაობა დასასრულს უახლოვდება.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან ქვეყანას ექნება სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბაზარზე ამ ეკონომიკური მოდელის ჯერ დასანერგად შემდეგ კი განსავითარებლად. პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ცირკულირების გზამკვლევი რუკის შედგენა, რომელიც სექტორების მიხედვით არსებული პოტენციალის გამოვლენას გულისხმობს. წინასწარი შეფასებით, მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია სოფლის მეურნეობაში.

"საბურავები, მეორადი ზეთები, ელექტრონული ნარჩენები, ბატარეები, შეფუთვის ნარჩენები და ხმარებიდან ამოღებული ავტომობილები ეს ზღვაში წვეთია. ყველაზე დიდი პოტენციალი სოფლის მეურნეობას აქვს. სოფლის მეურნეობაში არსებული ნარჩენებია ცირკულარული ეკონომიკის განვითარების საფუძველი. იგივე, ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილი ნარჩენი, ხილის გადამუშავების შემდეგ დარჩენილი ნარჩენი და უამრავი სხვა. ამასთან ერთად ძალიან დიდი რესურსია ინერტული ნარჩენების თვალსაზრისით. მხოლოდ თბილისში 750 000 ტონა ინერტული ნარჩენი გროვდება.

სტრატეგიაზე მუშაობა ორი წელია დავიწყეთ. თავიდან მხოლოდ კონცეპტუალურ ხედვაზე იყო საუბარი, თუმცა ახლა უკვე ძალიან წინ ვართ. ფაქტობრივად, საზოგადოების ყველა ჯგუფსა და მიმართულებას შევხვდით. უკვე გაკეთდა პრეზენტაცია, ცალკეული მიმართულებების მიხედვით, როგორ შეიძლება შეიქმნას ეკონომიკირი ციკლი და ბიზნესს როგორ უნდა გაუჩნდეს ინტერესი. მაგალითად, წყლის ხელმეორედ გამოყენება, პლასტიკის ხელმეორედ გამოყენება, ქაღალდის გადამუშავება და სხვა. ამ მიმართულებით რეგიონში ინფორმაციული ჰაბი გავხდით. უახლოეს პერიოდში ეს სტრატეგია მარტო ქაღალდზე კი არ გვექნება გადატანილი, არამედ ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით აუცილებელი იქნება რაიმე საპილოტე პროექტების გაკეთება, რომ ეს მოდელი წავახალისოთ. რა თქმა უნდა, ცირკულარული მოდელი მთელ ეკონომიკას ვერ გადაფარავს, თუმცა ამ მიმართულებით უდაოდ ბევრი საშუალებაა",- აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი. 

თანამედროვე მსოფლიოში ცირკულარული ეკონომიკის 100-ზე მეტი განმარტება არსებობს. სხვადასხვა ავტორი მას სხვადასხვა კუთხით გვაჩვენებს, თუმცა სათქმელი ერთია, ისევე როგორც ერთია ეკონომიკის ამ მოდელის მიზანი. გარემოში ნარჩენების აღმოფხვრა და მოხმარებული რესურსების ხელმეორედ გამოყენება. სწორედ ეს გამოარჩევს კონცეფციას ე.წ ხაზოვანი ეკონომიკისგან, რომელიც რესურსების მოხმარებასა და შემდეგ მათ განადგურებაზეა ორიენტირებული.

"იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მოდელია და რისკების შემცველია, ბიზნესი ცოტა ფრთხილობს. სწორედ ამიტომ მას წახალისება სჭირდება. ეს სახელმწიფო პროგრამების საფუძველი უნდა იყოს. როგორც მწვანე ეკონომიკის მოდელს, აუცილებლად დააფინანსებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები",- განმარტავს პავლიაშვილი. 

საქართველო ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა. ბაზარზე არსებული კომპანიები ძირითადად რეციკლირებად ნარჩენებს გადაამუშავებენ, როგორიცაა მაგალითად, პლასტიკა და ქაღალდი. ერთ-ერთი დიდი პრობლემა ნედლეულზე ხელმისაწვდომობაა. კერძო სექტორში განმარტავენ, რომ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის გაუმართაობის გამო ბიზნესს მუშაობა მხოლოდ 50%-იანი დატვირთვით უწევს.

"თუ მაგალითად, კომპანიას ამ მიმართულებით ბაზრის წილის 10% აქვს, შეუძლია, რომ ინდივიდუალურად გააკეთოს ორგანიზაცია, რომელიც შეაგროვებს ნარჩენებს და რეციკლირების გადასახადს გადაიხდის, მაგრამ თუ არ აქვს, მაშინ კოლექტიურში უნდა გაწევრიანდეს. კოლექტიური ორგანიზაციები აერთიანებს ფართო წრეებს. იქ შესული რეციკლირების გადასახადი კი სწორედ ამ გადასახადებს უნდა მოხმარდეს. მათ შორის, შეგროვების გადასახადებს. ბევრი მიმართულებით არ არის გადამამუშავებელი სიმძლავრეები. ეს განსაკუთრებით ეხება ელემენტებსა და ბატარეებს, საბურავებს. ეს ინვესტირება უნდა მოხდეს",- აღნიშნავს ნარჩენების მართვის ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი გულიაშვილი. 

მისივე თქმით, ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს 1-ელი ივნისიდან ასამოქმედებელი რეგულაციებიც, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების მართვას ეხება. 

"1-ელი ივნისიდან კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, რომელიც სპეციფიკურ ნარჩენებს ეხება. ასეთია მაგალითად, ზეთი, საბურავები, ელექტროტექნიკა, აკუმულატორები და ბატარეები. ეს უკვე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებებია და სახელმწიფო მწარმოებელსა და იმპორტიორს ავალებს, რომ თავად დანერგოს ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები. მათ შორის, კომპანიამ თავად უნდა გადაიხადოს რეციკლირების გადასახადი და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საქმიანობას. ეს ცირკულარული ეკონომიკისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ სისტემა არ მოვაწყვეთ ისე, რომ ნარჩენები შეგროვდა, ნედლეულიც არ იარსებებს. ეს რეგულაციები საკმაოდ დიდ წრეს ეხება. მცირე და საშუალო კომპანიების შემთხვევაში კი ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემას ვაწყდებით",- ამბობს გულიაშვილი. 

დაინტერესება დიდია, თუმცა ტექნოლოგიებსა და შესაბამის ფინანსურ რესურსებზე წვდომა მცირე. ამ პრობლემის წინაშე განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესი დგას.

"ჩვენი ქვეყნისთვის ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. წარმოების პროცესში მიღებული ნარჩენების მართვა და გადამუშავება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ ქართული საზოგადოების ცნობიერება ამაღდლეს. მეწარმეებისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ახალ ტექნოლოგიურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ეს პროცესი მყისიერად ვერ განხორციელდება. ამას სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სჭირდება. მწირია ის რესურსები, რომლებიც მეწარმეებს აქვთ. განსაკუთრებით მეწარმე ქალებზე მაქვს საუბარი. რესურსების ნაკლებობა კი იმას იწვევს, რომ ნარჩენი არ გადაამუშავონ, არამედ გაანადგურონ",- განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" გამგეობის თავმჯდომარე, ნინო ელიზბარაშვილი.

ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობას 21-ე საუკუნისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს. მსოფლიო პოპულაციის ზრდასთან ერთად იზრდება ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნა, ამის პარალელურად კი ყოველწლიურად იმატებს გარემოში მოხვედრილი ნარჩენების რაოდენობა. ევროპარლამენტის მოხსენების მიხედვით, მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები წლის განმავლობაში 3 მილიარდამდე ტონა ნარჩენს წარმოქმნიან.
 
მზარდი ტენდენცია აქვს საქართველოს ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობასაც. 2020 წლის მონაცემებით, ნაგავსაყრელებზე მოხვედრილი ნარჩენები 900 000 ტონაზე მეტი იყო მაშინ, როდესაც 2015 წელს ეს რიცხვი მხოლოდ 700 ათასს აღემატებოდა.