ეკონომიკა
14/02/2023

წილოსანი: ეკონომიკურად ქალებიც ისეთივე აქტიურები რომ იყვნენ, როგორც კაცები, მშპ 11%-ით გაიზრდებოდა

პარლამენტში „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფციის“ პროექტი წარადგინეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრის, ნინო წილოსანის განმარტებით, კონცეფცია მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისადაა გაწერილი. მისივე თქმით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ევროკავშირის მიერ გაცემული 12 პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთი ნაწილია. 

"მსოფლიო ბანკის კვლევით საქართველოში ეკონომიკურად ქალებიც ისეთივე აქტიურები რომ იყვნენ, როგორც კაცები, მშპ 11%-ით გაიზრდებოდა. ეს ერთ-ერთი რაციონალური დადასტურებაა იმის, თუ რატომ გვინდა და რატომ იქნება მნიშვნელოვანი ქალების ეკონომიკური გაძლიერება. კონცეფცია ევროკავშირის მხრიდან 12 რეკომენდაციის ფარგლებში საქართველოს მიმართ გაცემული მე-9 რეკომენდაციის ნაწილია, სადაც მკაფიოდ არის ხაზი გასმული ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე. 

კონცეფციას ბავშვთა უფლებრივ ნაწილზეც პოზიტიური გავლენა აქვს. ეს გავლენა პირდაპირ ითარგმნება იმაში, რომ კონცეფცია ასევე მოიცავს გოგოებისთვის განათლების ეტაპზე შესაძლებლობების მიცემას, მათთვის ტექნოლოგიებში ჩართვის შესაძლებლობას, რაც პირდაპირი პოზიტიური ეფექტია. არაპირდაპირი პოზიტიური ეფექტია კვლევები, სადაც ნათლად ჩანს, რომ ქალები თავიანთი შემოსავლის დიდ ნაწილს ხარჯავენ ბავშვების განათლებაზე. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ პოზიტიურად აისახება ბავშვთა მდგომარეობაზე. 

კონცეფცია არ წარმოადგენს კანონის ძალის მატარებელ დოკუმენტს, მაგრამ ის გარკვეული პოლიტიკური ხედვის დოკუმენტია, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს კონკრეტული ინიციატივები",- აღნიშნა წილოსანმა.