ეკონომიკა
09/06/2023

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა

წელს, სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტში სააგენტოს ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„2017 წელს გამოვლენილი დარღვევების საფუძელზე გატარდა კომპლექსური ღონისძიებები და მიღებულ იქნა სპეციალური ზომები, რაც ძირითადად სუნელების კომპონენტებს ეხებოდა, რომლებიც საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ჩვენ მკაცრი მიდგომები გვქონდა საზღვარზე და ამას შემოსავლების სამსახური აკონტროლებდა. ასევე ვითხოვდით რეფერალური ლაბორატორიის კვლევებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნედლეული არ დაიშვებოდა საქართველოს ბაზარზე. შედეგად, დადგა შედეგი და 2020-22 წლებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა სუნელებში აღარ აღინიშნებოდა. 2022 წელს   გამოკლეული 1500 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ 6 ნიმუშში აღმოჩნდა, რაც კარგია. წელს გამოკვლეული 60 ნიმუშიდან კი დარღვევა არცერთში არ გამოვლენილა,  წელს დაგეგმილია 1000-მდე ნიმუშის აღება,“ - განაცხადა ჩეკურაშვილმა.

მისივე თქმით, დადებითია ტენდენცია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების მიმართულებითაც, რომლის კვლევაც 2014 წლიდან დაიწყო და ამ პერიოდში 500-ზე მეტი ნიმუში შემოწმდა. მათგან კი შეუსაბამობა 9 მათგანში დაფიქსირდა. ჩეკურაშვილის განცხადებით, 2020 წლიდან ამ კუთხით შუსაბამობა არ გამოვლენილა, ხოლო  ადგილობრივი წარმოების სურსათში ამ მიმართულებით დარღვევები საერთოდ არ დაფიქსირებულა.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განხორციელდა 31 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი, რომელიც 41%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ობიექტების შემოწმების ჯერადობა სპეციალური ელექტრონული პროგრამით შეირჩევა, რაც გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს. პრიორიტეტულია ხორცის სარეალიზაციო ობიექტები, აგრარული ბაზრები, სკოლების და საბავშვო ბაღების კვების ბლოკები, რძის წარმოებები, რომელთა კონტროლის ჯერადობა მაღალია.