ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარება - აქტაუში გამართული ოთხმხრივი შეხვედრის დეტალები
აქტაუში ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე იმსჯელეს - შეხვედრა ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციებს შორის გაიმართა. ქართულ სამთავრობო დელეგაციას ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა.
მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.
საქართველოს ვიცე-პრემიერის თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს.
დავითაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე.
შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის.
მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის.